ჟურნალისტი თეა ადეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე 6 წლის წინ მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს, რომელიც ომის დროს საფრანგეთში გადასულ ნათესავებს უკავშირდება.
როგორც თეა წერს, დეიდამისის მაზლი პეტრე ქიტიაშვილი ომის შემდეგ საფრანგეთში აღმოჩნდა:
“ეს ისტორია 6 წლის წინ მოხდა, თუმცა ყველა ემოცია ცოცხალია და ახლაც, გახსენებისას უფრო განვიცადე, ვიდრე ეს იქ გამოვხატე… საერთოდ მიყვარს მეორე მსოფლიო ომის ისტორიები, იმ პერიოდზე გადაღებული ფილმებიც მგონი ყველაზე მეტად მიყვარს… ბავშვობიდან მესმოდა ამბავი დეიდაჩემის მაზლზე – პეტრე ქიტიაშვილზე, რომელიც ომში წავიდა და მერე როგორღაც საფრანგეთში აღმოჩნდა.
დეიდაჩემის ოჯახი ხშირად დადიოდა ბორდოში, პეტრეს შვილები ნინო და ლავრენტიც ჩამოდიოდნენ საქართველოში, ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ და მე მხოლოდ ფოტოებიდან მახსოვს საბჭოთა ადამიანებისგან რადიკალურად განსხვავებული ნათესავები. 90-იანებში საქართველოში აბა, ვინ ჩამოვიდოდა და მოკლედ ცოტა დაიკარგნენ ჩვენი ფრანგები, ტელეფონით ეხმიანებოდნენ ჩვენებს, პეტრე რომ გარდაიცვალა, მე პატარა ვიყავი, ნიკო ძია კი ჩადიოდა ხოლმე ძმისშვილებთან ბორდოში, სანამ ცოცხალი იყო და თავის ლექსებში ამ ფრანგულ შარმებს აქსოვდა… 2014 წელს ნინიკო არაზაშვილმა მოგვიტანა კარგი ისტორია საფრანგეთში დახვრეტილ ქართველ გმირებზე. – ჩემი მეგობარი მიდის პერიგოში დახვრეტილი წინაპრის საფლავზე და თუ წაყვებით ძალიან საინტერესო სიუჟეტი გამოვაო. წავყევით, ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო, განსაკუთრებით ფრანგი ვეტერანები, უსაყვარლესი მოხუცები – რეიბანებით და ყელში ჩაფენილი შარფებით. პანთეონში ბევრი ხალხი მოვიდა, სულ რამდენიმე ქართველი ვიყავით.
საქართველოს ჰიმნი რომ აჟღერდა ჩემს უკან ვიღაც კაცი ასლუკუნდა, აი არ ვიცი რატომ, საერთოდ რატომ დავაკავშირე ისიც არ ვიცი, ვიფიქრე რომ პეტრე ქიტიაშვილის შვილი, ლავრენტი ტიროდა, გავხედე და სასულიერო პირის ფორმაში ჩაცმული ფრანგი მოძღვარი იყო, შემეშალა, მაგრამ მანიც მომინდა გაცნობა. პროცესიის ბოლომდე დარჩა, ოფიციალური პირები რომ წავიდნენ მოკლე პარაკლისი გადაუხადა დაღუპულებს და მერე ჩემოდნიდან რაღაც ქაღალდების შეკვრა ამოიღო.
მივედი, გავეცანი, ინგლისური არ იცოდა, მე ფრანგული, მერე რაღაც თქვა და ვერ გავიგე, გაიმეორა:
– “ცაალიან ცოტა ქართული”, გავშრი! – “თქვენ ლავრენტი ხართ?” ვკითხე უცებ და პასუხის მოსმენა აღარ მინდოდა, არანაირი იმედი არ მქონდა, ან რატომ უნდა მქონოდა, პეტრე ქიტიაშვილი დანარჩენი ქართველებივით აქ არ დაუხვრეტიათ, მისი ოჯახი ბორდოში ცხოვრობდა, რა შუაში იყო პერიგოს ისტორიასთან პეტრე და ლავრენტი… მოკლედ ვკითხე და თან ვიფიქრე – “რას გადავეკდე ამ კაცს!”
შემომანათა და ფრანგული ქართლით მეუბნება:
– “ქი, მე ლავღენტი და ჩემი მამა პეტღე ქიტიაშვილი”… ღმერთო რა პატარაა ეს სამყარო! გაგიჟდებოდა ცაცა და ნუგზარი, როგორ მომინდა ამ ადამიანს ჩავხუტებოდი და ვერ გავბედე. ჩემი ტკბილი ცაცა 1 წლის გარდაცვლილ იყო, ერთადერთი შვილის სიკვდილს ვეღარ გაუძლო.
ამაყობდა ჩემით და უნდოდა მის ფრანგებსაც ვენახე, სულ მეჩხუბებოდა – ამდენს დადიხარ და ჩადი ჩვენებთან ბორდოშიო, გეგონება აგერ გორში მიშვებდა… ლავრენტის ქართულ-ფანგულ-ინგლისურად მოვუყევი ჩვენებზე, ძირითადი ამბები იცოდა, დეტალები უფრო აინტერესებდა, მაგრამ ვერავის ვთოხვდი ეთარგმნა, ყველა თავის ტკივილში იყო იქ, თან მე ვმუშაობდი, გადაღება უნდა გამეგრძელებნა, არც ჩვენი ემცოებისთვის ეცალა იქ ვინმეს, ყველას თავისი სენტიმენტები ჰქონდა და ვერავის შევაწუხებდი ჩემი ოჯახის ამბებით.
ლავრენტისთან რამდენიმე ფოტო გადავიღეთ და მე მუშაობა გავაგრძელე, თან სულ იმაზე მეფიქრებოდა, როგორ მოვუყვებოდი ლავრენტისთან შეხვედრას ჩემს დეიდას და დეიდაშვილს ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ… ასე ვრცლად ეს ამბავი პირველად მოვყევი. ადრე დავწერე და პოსტი მოულოდნელად დაიკარგა, ახლა აღვადგინე და თან ცხარე ცრემლით მეტირება, გულისგახეთქვამდე მენატრება დეიდაჩემი და ჩემი დეიდაშვილი, ძალიან წესიერი, ბავშვივით სუფთა და მიამიტი კაცი. ნუგზარზეც მოვყვები ოდესმე”…