“17 წლის ვიყავი, როცა შეყვარებულისგან ორსულად დავრჩი და ბავშვი უკანონოდ გავაჩინე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩუმად ვიმშობიარე და როცა საყვარელმა კაცმა ქორწინებაზე უარი მითხრა, აბორტი დაგვიანებული იყო, ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვი გაჩენისთანავე მიმეტოვებინა, ასეც მოვიქეცი, ერთადერთხელ დავხედე და დავივიწყე” – ასე იწყებს საუბარს “პრაიმტაიმთან” ლუიზა ყველაიძე.
ის ამბობს, რომ შეეშინდა, საზოგადოებრივი წნეხის შეეშინდა, მარტოხელა დედის სტატუსის და “უკანონო” ბავშვის დედობით გამოწვეული პრობლემების… ყველაზე დიდი სირთულე ლუიზას ოჯახი იყო, რაიონი და ახლობლები. ბავშვის მამა ცოლობას პირდებოდა, ლუიზასაც ძალიან უყვარდა მომავალი საქმრო და ვერ წარმოიდგენდა, რომ ორსულს აბორტის გაკეთებას მოსთხოვდა…
როცა გიამ ბავშვზე საბოლოოდ უარი უთხრა, აბორტი უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ორსული თავის ოჯახში სულ სამჯერ იყო, მუცელგაკრული… ვერავინ ვერაფერს მიხვდა, ოჯახს უხაროდა, რომ მათი ლუიზა უმაღლეს განათლებას იღებდა. ლუიზამ გოგონა თბილისის პირველ სამშობიაროში გააჩინა და იქვე დატოვა, მან ეს გადაწყვეტილება თავიდანვე მიიღო, ახალშობილი არ მიიკარა, მისი შეყვარებისაც შეეშინდა, მხოლოდ ერთხელ დახედა და ეგონა შვილის არსებობას მალე დაივიწყებდა, მაგრამ ამასობაში უკვე 16 წელი გავიდა.
ახლა, ეძებს. მართალია, ოჯახის წევრებისთვის ჯერ არაფერი უთქვამს და მისი თავგადასავალი სულ რამდენიმე ახლობელმა იცის, მაგრამ ეძებს და ყველა უწყებას აკითხავს, სადაც შეიძლება, მისი გოგონას შესახებ რაიმე ინფორმაცია იყოს დაცული… ამბობს, თუ მიაგნო, მაშინ ყველას გაუმხელს, რომ მისი შვილია და აღარასოდეს გაწყვეტს მასთან ურთიერთობას. ლუიზა არ დაოჯახებულა, თავი კარიერას მიუძღვნა, ფეხზე მყარად დადგა და ახლა ყველაზე მეტად წლების წინ დაშვებული შეცდომის გამოსწორება უნდა. ამბობს, რომ მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზანი შვილის პოვნაა.
“საშინელი დარდი მაწევს გულზე. მეგონა, როცა ჩემი შვილი მივატოვე, მას დროთა განმავლობაშ მივივიწყებდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. პირიქით, მისი თოთო ხელები და უმწეო მზერა თვალწინ მედგა სულ… ყველაფერი ასე დაიწყო, სოფლიდან ჩამოვედი, ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, იქ ჩემზე 2 წლით ბიჭი გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა, გია სამეგრელოდან იყო. მარწმუნებდა, რომ უნდა გვექორწინა…
17 წლის ვიყავი, როცა შეყვარებულისგან ორსულად დავრჩი და ბავშვი უკანონოდ გავაჩინე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩუმად ვიმშობიარე და როცა საყვარელმა კაცმა ქორწინებაზე უარი მითხრა, აბორტი დაგვიანებული იყო, ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვი გაჩენისთანავე მიმეტოვებინა, ასეც მოვიქეცი, ერთადერთხელ დავხედე და დავივიწყე, უფრო სწორად მეგონა, რომ დავივიწყე, მაგრამ…
რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როცა ვფიქრობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ როცა ჩემი მშობლები, და-ძმა, ახლობლები და ნათესავები მახსენდებოდნენ, შიშის ზარი მცემდა. მუცელგაკრული რაიონში სამჯერ ჩავედი, მერე ბოლო თვეებში მოვატყუე, 3 თვე ვეღარ ჩამოვალ, პრაქტიკებზე დასავლეთში მიშვებენ-მეთქი.
მოკლედ, თბილისის პირველ სამშობიაროში გავაჩინე ჩემი გოგონა, თეთრი, პაწაწუნა ხელებით და უმწეო მზერით, რომელმაც ამ ქვეყანას მოვლინებისთანავე ღალატი, შიში და უარყოფა დაინახა. მისი მოგონებები ერთი წამით არ მტოვებს, კარგად მახსოვს, რომ ყელში უზარმაზარი ხალი აქვს, მარცხენა მხარეს. ახლა, ჩემი გოგო უკვე 16 წლის იქნება, 20 აპრილს გაჩნდა…
არ ვიცი არაფერი, ვინ იშვილა, ან სად არის, ან როგორ არის, იქნებ ვინმეს ეცნოს ეს ისტორია და რამეში დამეხმაროს, მე ყველგან დავდივარ, სადაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია იყოს, არქივებში, ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურებში… მისი არც სახელი ვიცი და არც არაფერი. ჩემი გოგოს შემდეგ, არავისთან კონტაქტი არ მქონია, თავი სამუშაოს მივუძღვენი, ყველაფერი ვიყიდე, რაც მას დასჭირდება.
მინდა, ვიპოვო, ჩემი შეცდომა გამოვასწორო და პოვნის შემდეგ, აღარასდროს იყოს ჩემს გარეშე. თუ ვიპოვი, ყველას ვეტყვი, რომ ის ჩემი შვილია, ჩემი სიცოცხლის ერთადერთი აზრი. ვეძებ ჩემი ოჯახისგან ჩუმად, არ მინდა ჯერ გახმაურება, რადგან დიდი მითქმა-მოთქმა ატყდება და არ მინდა, ჩემამდე მათ მიაგნონ, რადგან უკვირთ, ჩემს ნაშრომს რატომ არ ვურიგებ დებისა და ძმების ოჯახებს, ვერ იგებენ, ვის ვუნახავ…
ჩემი სახელისა და გვარის მატარებელ 9 ადამიანს ვიცნობ, ამიტომ ჩემი ვინაობის გამჟღავნება არ მეშინია, რადგან იდენთიფიცირება ვერ მოხდება, მე ჩემი გოგო, რომლის სახელიც არ ვიცი უნდა დავიცვა…
ამიტომ, არ მსურს, ქონების გამო, ჩემი გოგო ისევ დავკარგო. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმემ იცით, რომ 16 წლის გოგო, ყელზე დიდი ხალით ვინმემ იშვილა ან სადმე არის, გამომეხმაურეთ, დამეხმარეთ ამ უდიდესი ცოდვის და დანაშაულის გამოსყიდვაში. გპირდებით, ჯერ მშვილებელ ოჯახს ვნახავ და მათ დაველაპარაკები, რა თქმა უნდა, თუ მაპოვნინებთ შვილს, მას სტრესს არ მივაყენებ და გამზრდელების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამ, უბრალოდ გამომეხმაურეთ.” – ამბობს ლუიზა ყველაიძე.
წყარო: პრაიმთაიმი