საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ და სპეციალურად მოწყობილ დიდ სცენაზე ავიდნენ.
ადგილზე უამრავი გულშემატკივარი არის შეკრებილი. ისინი “ევრო2024″–ზე ფეხბურთელებს მიღწეული წარმატებისთვის მადლობას უხდიან.
ფეხბურთელების მსვლელობა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყო.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა. თვითმფრინავი დედაქალაქში 09:10 საათზე დაეშვა. ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ. ფეხბურთელებმა ტერიტორია ავტობუსით დატოვეს.
ცნობისთვის, 30 ივნისს “ევრო 2024″–ის 1/8 ფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ ანგარიშით, 4:1 დასრულდა, შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
ინფორმაციითვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა, რითიც F ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.