დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, რომელი ვაქცინით ავცრილიყავი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს.
„28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს. გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო: 1.მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით, 2.ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; 3.არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. თუ იქნა საშუალება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.
მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვიტე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო 2 ვარიანტი, „მოდერნა“ და „ფაიზერი“ და წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. ვინაიდან „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს ფაიზერზე.
რაც შეეხება ზოგადად მოგზაურობას, საქართველოში თუ აიცრებით „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათი“, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 დღიან კარანტინს გაივლით.
ამას წინათ გავლანძღე როგორც „ნაციონალები“, ასევე მთავრობა, რომ ისინი არიან დამნაშავე, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა რომ აფეთქდა, ხოლო მომავალ არჩევნებზე იმავე შეცდომას გაიმეორებენ. მე ვთქვი, პარტიები არიან დამნაშავენი, რა დროს არჩევნებია, გამოაცხადე მორატორიუმი, კოვიდის საკითხი მოაგვარე და შემდეგ იარჩევნე – ამის თქმით შემდეგ შევატყვე, რომ არც ერთ ტელევიზიას ამ სიმართლის თქმა არ მოეწონა, აღარ მირეკავენ კომენტარებისთვის.
არავის თამაშს არ ვითამაშებ, იმიტომ, რომ არა ვარ არავის მონა. ზოგიერთებისგან განსხვავებით… გადახედეთ, რომელი ექსპერტი რომელ ტელევიზიაში გამოდის და ხელისგულზე გაქვთ ლუსტრაცია, ვინ ვინ არის…. ფხაკაძე არის ფხაკაძე, ის ამბობს სიმართლეს! ყველას უნდა, ვიღაცის მხარეს ვიყო, არავის მხარეს არ ვარ, ვარ მხოლოდ სიმართლის მხარეს. სიმართლე არავის უნდა, რადგან მწარეა. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფილირებული, ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ არ მჯერა მათი. ალბათ, ელოდებოდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაცას დავუჭერდი მხარს. ვაცხადებ, არავის დავუჭერ მხარს, დავუჭერ მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც იტყვის, რომ მორატორიუმია გამოსაცხადებელი, ჯერ დავალაგოთ ვირუსის ამბავი და შემდეგ ვილაპარაკოთ არჩევნებზე. ინდოეთის სიტუაცია არის მაგალითი, რისი გაკეთება არ შეიძლება, სიტუაცია ააფეთქა არჩევნებმა და დიდი რელიგიური დღესასწაულის ჩატარებას, რომელიც არჩევნების გამო გამართეს.
მინდა, გამოვეხმაურო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვითომდა მაგიურ წამალზე ატეხილ აჟიოტაჟსაც. მესამე სტადიის კვლევები დადონ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგიური მედიკამენტი არ გვექნება. იქნება რამდენიმე წამალი, ზოგი მეტად კარგი, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ის, რომ დავლევ და კოვიდი არ დამემართება, ეს არის ზღაპარი.
სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“. ამის შემდეგ ევროპა მიხედავს, ალბათ, ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. ამის იმედი მაქვს.
კიდევ ერთი სიახლე „ფაიზერზე“ – უკვე საუბარია, რომ ფაიზერით ვაქცინაცია უკვე 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.
საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მლნ დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.
მე ვაფრთხილებდი – „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.
რაც შეეხება რჩევებს: 1.ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 2.ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 3.როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს.
თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს: 1.ქვეყანაში 4 მლნ ვაქცინა უნდა ჩამოიტანო, მაგრამ ჩინური ნაგავი კი არა, „ფაიზერი“. მაგათი ვაქცინა 15 დოლარი ღირს, ჩინურზე უფრო იაფია. 2 თვეში საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია სრულიად შესაძლებელია. ამის ათასი ხრიკი არსებობს, მე გასწავლით, თუ გინდათ, მაგრამ ამის სურვილი არ არსებობს. ამ 4 მლნ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება, ქვეყანა გაიხსნას; 2.მეორე ვარიანტია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი კარანტინში უნდა გადავიდეს.
ქვეყანას ვერ დაკეტავენ, რადგანაც სახელმწიფოს ეკონომიკა გაკოტრებულია. ალბათ, არჩევნებს ჩაატარებენ და დეფოლტს გამოაცხადებენ, რადგანაც ფული და სემოსავლები პრაქტიკულად აღარ არის.
მე გეუბნებით, გზა არსებობს, როგორ შეიძლება ქვეყნის გახსნა და ჩვენ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. დამიკავშირდით, გეტყვით.
რაც შეეხება კარგ ამბებს – ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ კარგად მიდის, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ – „ჰებე“, უკვე მიიღო აკრედიტაცია ფრანგული ორგანიზაციის მიერ – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, რიგშია კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება. პროცესი დაჩქარდება და ყოველ 2 კვირაში თითო ორგანიზაცია აკრედიტაციას მიიღებს.
მეორე კარგი ამბავი, რაც ეხება ტურისტულ სექტორს – საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად. მაგალითად, ტუროპერატორმა უცხოელ ტურისტს როგორ შეიძლება შესთავაზოს საკუთარი უსაფრთხო მომსახურების პაკეტი. პაკეტში შედის: 1.კოვიდ უსაფრთხო ტრანსპორტირება, 2.კოვიდ უსაფრთხო გიდი, 3.კოვიდ უსაფრთხო ტურები, 4.კოვიდუსაფრთხო რესტორანი, 5.კოვიდუსაფრთხო აკომოდაცია ანუ სასტუმრო. მივმართავ დაინტერესებულ პირებს, დამიკავშირდნენ, დავეხმარები.
ტურისტულ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ასოციაციასთან მქონდა საუბარი. ძალიან მინდა, ეს მომსახურება იყოს უფასო, თუ ეს ასოციაციები დამთანხმდებიან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დღეიდან ვაცხადებ ახალ პროგრამას – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“. ჩემი ლოზუნგია – „ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“. ეს არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისათვის. მე დავეხმარები ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, რომ გავაკეთოთ ტუროპერატორების კოვიდუსაფრთხო სერვისები და გადავარჩინოთ ეს ბიზნესი. ეს შესაძლებელია. უკვე ვთხოვე ჩემს უცხოელ მეგობრებს, ისინი უანგაროდ დაგვეხმარებიან.
„ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ჩემი მეორე ახალი ინიციატივა, ხელახლა როგორ ჩავრთოთ და ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი. ჩვენს გარდა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ამისთვის სათანამშრომლოდ დამჭირდება ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე უნდა ჩაატაროს ტრენინგები და ა.შ. ჩემი მხრიდან დახმარება იქნება აბსოლუტურად უფასოდ!
ეს გამოვა. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი. მე დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სფეროში 30-ზე მეტი ორგანიზაცია გამოთქვამს აკრედიტაციის გავლის სურვილს“, – წერს ფხაკაძე.