გურამ ბაღდოშვილი საინტერესო პიროვნება და რესპონდენტია. მასზე თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა არის ისეთი დეტალებიც, რომელიც უცნობია მისი ცხოვრებიდან. პანდემიის დროს ყოველდღე 150 ადამიანს უფასოდ აპურებდა ხმაურისა და კამერების გარეშე. ამბობს, რომ საკუთარი ნაშრომის იმათთვის დარიგება არ უყვარს, ვისაც შრომა შეუძლია. ცნობილი შეფ-მზარეული ძალიან გულისხმიერი ადამიანია. როცა მან პანდემიური ჩაკეტილობისას ის პენსიონერები დაინახა, რომლებიც უსახსროდ რჩებოდნენ, რადგან ქუჩაში მზესუმზირასაც ვერ ყიდდნენ, საქველმოქმედო კამპანია “დააპურე შენი უბანი” წამოიწყო. ამ ფაქტს ცნობილი შეფ-მზარეული არ ახმაურებდა, თუმცა ეს ინფორმაცია “გზამ” ექსკლუზიურად მოიპოვა.
– ფანტასტიკური ბავშვობის პერიოდი მქონდა. უბრალოდ, დრო არ იყო ბავშვობისთვის – 13 წლიდან ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი. თავდაპირველად სასტუმროში დავიწყე მუშაობა, შემდეგ მარტო წავედი მოსკოვში და ჩემი საქმიანობა იქ გავაგრძელე. ისევ საქართველოში დავბრუნდი და გავხდი სასტუმრო-რესტორნის შეფ-მზარეული. ამის შემდეგ ევროპაში წავედი, სადაც დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა-განვითარება.
– რამ განაპირობა თქვენი მუშაობა ასეთ პატარა ასაკიდან?
– ჩემი წინაპრები მესხები არიან. მე თბილისში დავიბადე. მამა რომ გარდამეცვალა, 13 წლის ვიყავი და მას შემდეგ საკუთარ თავზე ავიღე ოჯახზე ზრუნვა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი.