საქალაქო სასამართლოში, ლილოში, 21 წლის გოგოს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის პროცესი მიმდინარეობს.
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქეთი ჯავახიშვილის მშობლები ჩვენების მისაცემად ემზადებიან. სხდომათა დარბაზშია მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც, რომელმაც, 28 თებერვალს, გამოძიების ცნობით, მეგობარი ქალი ღამით სახლიდან გაიყვანა, 59 ჭრილობა მიაყენა და იქვე სახლთან ახლოს, დასახიჩრებული ცხედარი წყლის არხში დატოვა.
როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს სრულიად ჯანმრთელი იყო.
მძიმე დანაშაულში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ამბობს.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულად ბრალეული ოთარ ცინდელიანი არ უარყოფს, ადასტურებს იმასაც, რომ როდესაც ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა დანით მიაყენა, ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.