გუშინ ვაკის პარკთან მდებარე ერთ-ერთ ოფისთან ხმაური იყო. იქვე მცხოვრებ ადამიანებს ამ ამბავმა 90-იანი წლები გაახსენა, ვინაიდან ინციდენტის მონაწილე მხარეებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი და 1993 წელს შატბერაშვილის ქუჩაზე დღისით, მზისით, მეგობართან და თანამოაზრესთან, გია სვანიძესთან ერთად ჩაცხრილული ზაზა ვეფხვაძის შვილი, ალეკო ვეფხვაძე ამოიცნეს.
იმისათვის, რომ ინციდენტის მსვლელობის აღწერისას მკითხველი არ დავაბნიოთ, სჯობს თავშივე მოკლედ გაგაცნოთ ამბის პრედისტორია, რომლის მთავარი მოქმედი პირები მხედრიონის ლიდერები იყვნენ – გავლენიანი დაჯგუფების, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს ჩრდილიდან მართავდა.
ცნობისთვის: 1992 წლის 25 ნოემბრიდან 1993 წლის 10 სექტემბრამდე თემურ ხაჩიშვილი იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1993 წლის 20 ოქტომბრიდან 1995 წლის 8 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ
პრედისტორია
თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე 1993 წლის 22 დეკემბერს სამი ადამიანი, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და თენგიზ ჩანტლაძე ვეფხვაძის საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს. მოკლულების ოჯახების ზეწოლით აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე, თუმცა საქმის მოწმეები ერთმანეთის მიყოლებით დროის მოკლე შუალედში ან თავს იკლავდნენ ან ეხმარებოდნენ თვითმკვლელობაში. მაშინვე გაჟღერდა, რომ თავდამსხმელებს შორის გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო.
ამ უკანასკნელს, ამბობენ, რომ მაშინდელი გავლენებით, ალიბი ჰქონდა – რომ თითქოს 1993 წლის 22 დეკემბერს რურუა, ჯაბა იოსელიანთან ერთად ზუგდიდში იყო. ჩვენებებზე ხელი მხედრიონის მაშინდელ ცნობილ წევრებს მოაწერინეს. ისინი აცხადებდნენ რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო იოსელიანთან და რურუასთან ერთად ყველა ერთად სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო მაშინდელი მხდერიონელი ლევან ლუტიცეც.
ამ შემთხვევიდან 26 წლის შემდეგ მერაბ ლუტიძე წერს ხელწერილს, სადაც ის ამბობს რომ 1993 წლის 22 დეკემბერს არ იმყოფებოდა ზუგდიდში და შესაბამისად ვერ ნახავდა იქ ჟორიკა რურუას.
ხელწერილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და როგორც იტყვიან, დაიწყო ძველი ჩონჩხების კარადიდან გადმოღება. ლუტიძი კი ამ აღიარებიდან მალევე გარდაიცვალა.
ვაკე: 2021 წლის 28 აპრილი
ვაკის პარკთან, ერთ-ერთი ოფისის ეზოშო გუშინ ჩოჩქოლი ატყდა.
დეტალებს „პრაიმტაიმს“ თემურ ხაჩიშვილი უამბობს:
„მეგობართან ვიყავი სტუმრად, ოფისში. მისი თანამშრომელი შემთხვევით გავიდა გარეთ და შენიშნა უსიამოვნო ხალხის მოძრაობა შენობასთან. ამ ადამიანების ყოფნამ იქ იმდენად მიიქცია ყურადღება, რომ ძაღლებიც კი აყეფდნენ. სწორედ იმ ბიჭმა შენიშნა ისიც, რომ მათ თან ახლდა ორი კაცი, რომლებიც დანარჩენებისგან განსხვავებით უფრო სერიოზულად გამოიყურებოდნენ და უშიშროების თანამშრომლების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მოგვიანებით მათ ერთგვარი გადაფარვა გაუკეთეს თავდამსხმელებს, ტერიტორია რომ უსაფრთხოდ დაეტოვებინათ.
ამ ადამიანებს მალე შეუერთდა მიკროავტობუსით მისული ადამიანები – დაახლოებით 12 კაცი. ამ ციფრს იმიტომ ვამბობ, რომ სათვალთვალო კამერამ ეს რაოდენობა დააფიქსირა, თორემ რეალურად მეტნი იყვნენ.
ჩემი მეგობრის თანამშრომელმა ოფისში დარეკა და დაცვა გააფრთხილა, რომ კარები ჩაეკეტად, რადგან უსიამოვნო მოძრაობა შეიმჩნეოდა. მე ამის შესახებ იმ დროს არაფერი ვიცოდი. უფრო მეტიც: როდესაც კარზე დააკაკუნეს და ოფისში თქვეს, კარს არ გავაღებთო, გავაპროტესტე და გავაღებინე. გარედან შემომესმა – თემური ხარ ხაჩიშვილიო? და რომ დავადასტურე, სხვას დაუძახეს. მალევე ოფისში შემოჭრა დაიწყო ზაზა ვეფხვაძის შვილმა.
– იცნობდით?
– კი, ვიცნობდი. ამ ყველაფერს თავისი წინაპირობა ჰქონდა. მოგვიანებით მოგიყვებით… შემოჭრის მცდელობა აღკვეთეს დაცვის თანამშრომლებმა და კარის ჩაკეტვა მოახერხეს. გარეთ დარჩენილებმა კი დაიწყეს ყვირილი, ხმაური, კარს ურტყამდნენ რაღაც საგნებს. დაცვამ პატრული გამოიძახა. პატრულის მოსვლამდე მათ ტერიტორია დატოვეს.
– თქვენ და მოწმეები პოლიციაში გადაგიყვანეს…
– კი, ასე იყო. გამოგვკითხეს. მოგვიანებით ვეფხვაძე და მისი თანამზრახველებიც დაიბარეს.
– ამბობთ წინაპირობა არსებობდაო. რას გულისხმობდით?
– დაახლოებით 2 თვის წინ გია ყარყარაშვილმა მთხოვა შეხვედრა. შევხვდით. მას უნდოდა ჩემგან მიეღო დასტური, რომ მასზე 90-იანებში მოწყობილი ტერაქტთან (ამ ტერაქტს ყარყარაშვილი ცოცხლად სასწაულით გადაურჩა. დაიღუპა გენერალი პაატა დათუაშვილი) გიორგი რურუას კავშირი ჰქონდა. შეხვედრის მსვლელობისას შემოვიდნენ 1993 წელს მოკლული მხედრიონელების გია სვანაძის და ზაზა ვეფხვაძის შვილებიც. ისინიც იგივეს მოითხოვდნენ – მე უნდა დამედასტურებინა, რომ მათი მამების მკვლელობაშიც რურუას ხელი ერია.
– სინამდვილეში ასეა?
– იქაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: მე და რურუას არც ადრე გვქონდა კარგი ურთიერთობა და მითუმეტეს არც ახლა გვაქვს. თუმცა, ტყუილად ხელი როგორ დავადო მას, როცა ამის შესახებ არ ვიცი?
– ბატონო თემურ, თქვენ 1993 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, მერე – უშიშროების მინისტრი. გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, ეს რომ დაიჯეროს…
– ვამბობ, რომ ხელს ვერ დავადებ, არ ვიცი… ვეფხვაძე მეუბნებოდა, რომ რაღაც დავა დაიწყეს „დინამოზე“. არ ვიცი ვის რას ედავებიან. თავის დროზე, როცა მინისტრი ვიყავი „დინამო“ ავდექი და მივეცი ვეფხვაძეს და სვანაძეს, რათა დაენებებინათ იმ საქმიანობისთვის თავი, რასაც აკეთებდნენ. მიცვალებულებზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ი წესის გამო, როგორც ისინი ცხოვრობდნენ, მხედრიონიდან გაუშვეს. მე ჩემი მხრივ მათ ეს გავუკეთე, რადგან ამ გზით ჰქონოდათ კარგი შემოსავალი, მიეხედათ ოჯახებისთვის და იმ საქმეს ჩამოშორებოდნენ, რასაც აკეთებდნენ.
– რას ნიშნავს მიეცით? სახელმწიფო ქონება აჩუქეთ კერძო პირებს? ეს ხომ არ იყო თქვენი საკუთრება?
– მაგრამ მე ხომ არ ვამბობ, რომ კარგად მოვიქეცი? აგიხსენით კიდეც, რატომ გავაკეთე ეს.
– გიორგი რურუას შეატყობინეთ, თქვენგან რასაც ითხოვდნენ ვეფხვაძე, სვანაძე და ყარყარაშვილი?
– არა, რა შუაშია რურუა? გია ყარყარაშვილი იმ შეხვედრის შემდეგ უნდა დამკავშირებოდა ერთ კვირაში. არ დაურეკავს. მერე მე საქართველოდან წავედი. დავბრუნდი დაახლოებით ერთი კვირაა…
– ამასობაში ჟორიკა რურუამ ციხე დატოვა. ფიქრობთ, რომ შესაძლოა რამე კავშირი ჰქონდეს ამ ფაქტს გუშინდელ ინციდენტთან?
– ალბათ, უფრო მეტად ემოციური დატვირთვა ექნება. მაგრამ აქ მთავარი იცით რა არის? რა ხდება? მინდა ვკითხო ამ ხელისუფლებას – საქართველოში 90-იანი წლები ბრუნდება? როცა მსგავსი ჯგუფი ბედავს რომ ჩემზე თავდასხმა განიზრახოს, ადამიანზე, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, გამოდის, რომ სხვა მოქალააქეები 90-იანებივით დაუცველები არიან?
გამოძიება
ჩვენი ინფორმაციით, პოლიციაში უკვე დაკითხულია ყველა მხარე, თუმცა საქმეს ამ დრომდე კვალიფიკაცია არ მინიჭებია.
რას ამბობს ყარყარაშვილი?
გია ყარყარაშვილი „პრაიმტაიმთან“ თემურ ხაჩიშვილის მონათხრობს არ უარყოფს, თუმცა არც ადასტურებს.
„არ უარვყოფ… თუმცა, 25 წელია უკვე თავში ტყვია მაქვს და მოვლენები ალაგ-ალაგ მახსოვს და ალაგ-ალაგ – არა.
მთელი ამ ისტორიიდან ჩნდება კითხვა – აქვთ უფლება ამ ბიჭებს, იცოდნენ ვინ არის მათი მამების მკვლელი? ის მინისტრი იყო მაშინ. ან უნდა იცოდეს ამ კითხვაზე პასუხი, ან უნდა განმარტოს, რას აკეთებდა მაღალ თანამდებობებზე სამი წელი“.
რას ამბობენ ვეფხვაძის ოჯახში
ზაზა ვეფხვაძის მეუღლე დღესაც აცხადებს, რომ მისი ქმარი გიორგი რურუამ მოკლა და გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციაა, რომლის ავტორიც ასევე რურუაა.
დაბოლოს:
გიორგი რურუამ, რომლის წარსული რეალურად განგსტერული 90-იანების ნაწილია, ორი დღის წინ ციხე დატოვა როგორც არა პოლიტ, არამედ შეწყალებულმა პატიმარმა.
ეს აქტი არა პრეზიდენტის, არამედ საერთაშორისო ზეწოლით განხორციელდა.
აქტის მიღმა კი დარჩა განუხორციელებული სურვილი ვეფხვაძეების, თორაძეების და სხვათა და სხვათა, რომ მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე.
ხაჩიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინდელი ინციდენტი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, სადაც მას „ოქროს მოწმის“ როლი ერგო, როცა მისი თქმით, საერთოდაც არ არის მოწმე. რურუასთან სამართლებრივი ანგარიშსწორების ავტორებად კი ხელისუფლებასთან მიტმასნილ პირებს მიიჩნევს, ვისაც სიტუაციის არევის სურვილი ამოძრავებთ