საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი 26 ივნიის პორტუგალიასთან ითამაშებს. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ოთარმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მონტენეგროსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (3:1) კუნთი გაიჭიმა და მას შემდეგ მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
შედეგად, კიტეიშვილი ნაკრებს ვერაფრით დაეხმარა თურქეთთან (1:3) და ჩეხეთთან (1:1) ჯგუფური ეტაპის მატჩებში, რითაც დიდი ძალა დაგვაკლდა. ცხადია, თუკი მან სრულად მომჯობინება მოახერხა, პორტუგალიასთან მატჩში სოლიდური შევსება გვექნება.
ბოლო ტურის წინ, ევრო 2024-ის F ჯგუფს 6 ქულით სწორედ პორტუგალია ლიდერობს, თურქეთს 3 ქულა აქვს, ჩეხეთსა და საქართველოს კი – თითო-თითო. ქართველ ფეხბურთელებს, დიდი ალბათობით, პორტუგალიელთა დამარცხება დასჭირდებათ, რათა პლეი ოფში გამსვლელ ნაკრებებს შორის მოხვდნენ.