მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საფლავების გადატანასთან დაკავშირებით ადგილობრივი მაცხოვრებელი, რაინდი მანაგაძე ეხმაურება, რომელიც ერთადერთია სოფელ ონჭეიშში, ვინც წინაპრების საფლავების სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამ სასაფლაოს კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში.
“რა უფლებით იღებენ და ავრცელებენ ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი სასაფლაოზე სიარულს. ჩემი სურვილით გადავწყვიტე დედაჩემის, მამაჩემის, ბებიას და ბაბუას ნეშტები ორი თვის წინ ქუთაისში გადმომესვენებინა. არავის უთხოვია და ჩემს გარდა არც არავის გადაუსვენებია ნეშტები” – განმარტა რაინდი მანაგაძემ.
გავრცელებულ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – ასეთია კომპანია “ენკას” პოზიცია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ამ ფორმით აღდგომის წინა კვირაში რელიგიურ გრძნობებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში კომპანიას აქვს კონკრეტული გეგმა საფლავების გადატანასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესი არ მიმდინარეობს.
“კომპანია მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აღნიშნული საფლავი ორი თვის წინ გადაიტანა ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარი სურვილით. “ენკა”-ს მომხდარ ფაქტთან კავშირი არ აქვს და ზოგადად, საფლავების გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები მცდარ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. მოგეხსენებათ, რელიგიური დღესასწაული ახლოვდება და როგორც ჩანს, სწორედ მასებზე ზემოქმედებისთვის მანიპულირებენ მსგავსი სენსიტიური თემით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სოფელში მივიდეს და საკუთარი თვალით ნახოს იქ არსებული რეალობა,” – განაცხადა კომპანია ენკას წარმომადგენელმა დავით ჩოჩიამ.