ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამის აფეთქებაა. ქვეყანაში ვირუსი მძვინვარებს. ადამიანები, სამედიცინო დახმარებას გარეშე, პირდაპირ ქუჩაში იხოცებიან.
იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი – ლალი მოროშკინა ინდოეთში მოგზაურობას იხსენებს და აღწერს, თუ როგორი დადებითი განწყობითა და საოცარი ხალისით ცხოვრობენ ადამიანები, უკიდურეს სიბინძურესა და გაჭირვებაში.
„ინდოეთის შტამი და უზნაძის თეორია… მოკლედ სამი წლის წინ, გოაზე გავემგზავრე, ისაო, ესაო, საოცრებააო… ინდოეთში ბოლოს სტუდენტობის დროს ვიყავი, ცეკვის ანსამბლთან ერთად.
მახსოვს, კალკუტაში რომ გადმოგვსხეს, სიბინძურემ ისეთ შოკში ჩამაგდო, სამი დღე ცრემლად ვიღვრებოდი, მერე იძულებით დავიკოსე შავი ნაწნავები, მზისგან დამწვარ დადაგულ სხეულზე კაბა ამოვიწებე და ჰაიდა სცენაზე გავვარდი.
საღამოს, კაბის ფარჩას გოგოები კანიანად ვიძრობდით, სხეული წყლულებისგან გვტკიოდა და ფეთქავდა…
მაშინ გამიჩნდა ჭორფლი…
ერთი თვის თავზე მძულდა მზეც, ოკეანეც, წმინდა ძროხაც და კარის სოუსიც… გამოხდა ხანი და აი, ახლა საკუთარი ნებით გავეშურე ინდოეთს… მეგონა ახალმა საუკუნემ, მინიმუმ ჰიგიენა დაამკვიდრა. მაგრამ, ნურას უკაცრავად!
იგივე ყროლი, ფეკალიების მდინარეები წითელ ქვიშაზე, უფრო აღზევებული ძროხა და უფრო გამძაფრებული კარი.
გოაზე ორი გზა გაქვს ან ბინძურ ოკეანეში თავით გადაშვება და ოკეანის უჩინარ სამყაროსთან კოჰაბიტირება, ან დაბოლება და ღია სივრცეში, ე.წ. კლუბში, ახლად და ამას წინებზე მიშარდულ ხეებთან, ოფლიან მასასთან აზელვა, ბებერ როკერებთან, ჩამოწელილ ტატუზე ამბორი და რაღაც ფოსფორისფერი სითხის გათიშვამდე წრუპვა…
მესამე გზა სახლში დარჩენა იყო და დავრჩი.
სასწრაფოდ დავუკავშირდი ტუროპერატორს, ბილეთი გადმოვცვალე უახლოეს რეისზე (არადა ერთი თვე უნდა „მეგულავა“) და ჩემოდანი ჩავალაგე.
მოფამფალებულმა ტაქსიმ მომაკითხა და გზად კოტეჯის მეპატრონეს გასაღები დავუტოვე.
გასაცილებლად გამოსრიალდა ერთი გველი, გამობუნძულდა ორი ვირთხა და ზანტად ამომხედა რაღაც უცნობმა რეპტილიამ.
– ნუ რა არის ეს?
დავეღრიჯე ინდუსს.
– ესენი აქ ცხოვრობენ წლებია, შენ კი დროებითი სტუმარი ხარ…
მომაძახა რაჯამ, მაგრამ მე უკვე რიქშამაგვარ ტაქსს აეროპორტში მივყავდი.
გზაში ამაკანკალა, ვიფიქრე ნერვების ამბავია, ბორტზე უკვე 40 მქონდა სიცხე, დოხაში გადაჯდომის დროს, თითქმის არაფერი მახსოვს. თბილისში ტრაპიდან Ჩამომიტანეს.
ჩემი ორგანიზმი 10 დღე ებრძოდა რაღაც საძაგელ ვირუსს…. მირალი: მე არ მიყვარს ინდოეთი, იმუშავა განწყობის თეორიამ და ჩემი რკინისებრი იმუნიტეტიც კი დაზიანდა!
ინდოეთში მრავალსაუკუნოვანი, ჭუჭყი, ნაგავი, ფეკალური მასები და ბაცილები მეგობრულად ცხოვრობენ თაკარა მზის ქვეშ. სულ მიკვირს, ან როგორ არ იხოცებიან, ან როგორ არ ავადდებიან მასიურად!
როგორ და უყვართ!
უყვართ თავისი ყოფა, აცვიათ ულამაზესი ფერები, უხარიათ ცხოვრება, სულ ცეკვავენ და მღერიან, ეთაყვანებიან ძროხას და არიან ყველაზე თბილები და კეთილგანწყობილები მსოფლიოში!
ახლა ამ ხელოვნურ შემოტევასაც გაუძლებენ და ისევ „იინჩიკდანებენ“ ხოდა, განწყობა ბაბაია, განწყობა.
რას ვერჩოდი ამ მშვენიერ ქვეყანას? ვერჩოდი და „დამაგდო“!
გიყვარდეთ ის ადგილი სადაც ხარ, გაუღიმეთ მზეს, მიესალმეთ ცას, მოეფერეთ მშობლებს, ჩაეხუტეთ შვილებს, დაუნთეთ ღმერთს სანთელი! სიყვარულია საუკეთესო თერაპია!
P.S …და იმოგზაურეთ მხოლოდ იქ, საითაც გული მიგიწევთ…“, – წერს ლალი მოროშკინა.