რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 10 მილიონი გამოუყო კომპანიას, რომელსაც საქმე არაფერი გაუკეთებია.
გოცირიძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, ამ თემით დაინტერესდნენ.
“საოცარი ამბავია: მთავრობის ადმინისტრაციამ, პირადად ყოფილი პრემიერ-მინისტირის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცის არც ფინანსთა სამინისტრომ, არც ეკონომიკის სამინისტრომ, არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, არც პარლამენტმა, 10 მილიონი ლარი გადაურიცხა როტშილდების კომპანიას ისე, რომ 10 თეთრის საქმეც კი არ გაკეთებულა. საოცარი ისიც არის, რომ ეს ამბავი არავის აინტერესებს. ერთადერთი, ის ვიცით, რომ ამ კონპანიასთან ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და ეს ისტორიაც, ანუ ფულის გაქრობის ტრიუკიც ამით მორჩა.
რომელიმე ჩინოვნიკმა ასი ლარის ხინკალი რომ შეჭამოს ბიუჯეტის ხარჯზე, ეს არ გამოეპარება ჟურნალუსტური გამოძიებების მახვილ თვალს, ამ ამბით კი არავინ რომ არ დაიტერესებულა, მიკვირს.
ერთი წელია ამაზე გავიძახი პარლამენტში იქნება ეს თუ ტელეეთერებიდან, ვის არ მივწერე ოფიციალურად. ამ საოცრებებს ისიც დაემატა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ როტშილდების მიერ “შესრულებულ სამუშაოს” საიდუმლო გრიფი დაადო ჩემი მომაბეზრებელი მიმართვების შემდეგ, ამიტომ ვერც გუშინ მოვისმინე პარლამენტში, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას, თუ რაში იქნა დახარჯული ეს ფული.
ერთადერთი, რაც შეიძლება იფიქროს ადამიანმა, არის ის, რომ ეს 10 მილიონი ლარი არა სახელმწიფო, არამედ პირადი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პრობლემების მოსაგვარებლად და ლობისტური საქმიანობისთვის იქნა გამოყენებული.
თუ არც ახლა დაინტერესდებით ამ ამბით, მაშინ ინტერესის აღმძრავ ბოლო ამბავსაც გეტყვით: მსოფლიო ფარულ მთავრობაზე, მასონებზე, კუდიანებზე და მათ მოძმე ძალებზე ხომ გსმენიათ? თურმე როტშილდები, როგორც ვიკიპედიაში წერია, ამათი სულისჩამდგმელები ყოფილან. როტშილდების ფინანსური კლანი მიეკუთვნებიან ილუმინატების ფარულ საზოგადოებას, ხელმძღვანელობენ ბილდერბერგის კლუბის საიდუმლო სხდომებს და წარმოადგენენ გლობალური ომის პარტიის მთავარ მამოძრავებელ ძალას როკფელერების კლანთან ერთად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ორგანიზაციის ფარული ლოჟის მეორე საფეხურის წევრი თავად ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ღარიბაშვილი და კობახიძე საწყის, მეოთხე საფეხურზე იმყოფებიან.
მე მგონი ეს ინფორმაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხეებზე ჩახუტებითი თერაპიით არის დაკავებული და ბრჭყვიალა, იშვიათი მინერალური ქვებით ეწევა ბოროტი სულების განდევნას. არც ესაა ხელწამოსაკრავი ამბავი, მინახავს სიუჟეტები ამის შესახებ, მაგრამ ხალხის კუთვნილი 10 მილიონი ლარის აორთქლების ისტორიაც იმსახურებს ყურადღებას”– წერს გოცირიძე.