საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. ამჯერად, საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
კარგი ისაა, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა საბა კვერკველიამ, ოთარ კიტეიშვილი კი ისევ ინდივიდუალურად ემზადება. ასევე მხოლოდ დარბაზში ივარჯიშა გიორგი ჩაკვეტაძემ (კუნთის მცირე დაჭიმულობა აქვს), რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ ვარჯიშს 15 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ქართველი ფეხბურთელები თურქეთთან მატჩის მასპინძელ სტადიონზე მხოლოდ 17 ივნისს ივარჯიშებენ და თამაშისწინა პრესკონფერენციაც მაშინ ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს – საქართველოს ნაკრები. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევრო 2024-ზე 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული, თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი მოწინავე ნაკრები, ასევე 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში გავა, საიდანაც ისინი პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).
მცველები: საბა კვერკველია (ალ ახდუდი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), გურამ კაშია (სლოვანი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი), ლაშა დვალი (აპოელ-ი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი).
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), გაბრიელ სიგუა (ბაზელი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).