“ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.
მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი ოცნება იყო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, ქართველი ფეხბურთელისა და ყველა გულშემატკივრისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურზე ჩამოვსულიყავით. მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენი ქვეყნისა სახლი გაგაქვს. ამაზე ყველა ერთად ვოცნებობდით და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ამ ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.
„ჯვაროსნების“ კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია:
18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო
22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია