ლეჩხუმში, ჯონოულის ხეობაში მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საკურას ხეივანი იყვავილებს. 5 კმ-იანი ორმხრივი ხეივნის გაშენების იდეა ლექსო ჩარკვიანს ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ლეჩხუმში ტურისტების მოზიდვის შესაძლო გზებზე ფიქრობდა.
დღემდე ლექსოს არაერთი რამ უცდია ლეჩხუმში ტურისტების მოსაზიდად, თუმცა ახლა ისეთი იდეის განხორციელება სურდა, რასაც მუდმივი და მასობრივი სახე ექნებოდა. სწორედ ასე დაიბადა საკურას ხეივნის იდეაც – ჯონოულის ხეობის გავლით გზა მწვანე ტბამდე მიდის, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს, სწორედ ამ გზაზე განთავსდება საკურას ხეივანი და საინტერესო სანახაობას შექმნის.
როგორც ლექსო გვიყვება, თავდაპირველად საკურა ეზოში გაამრავლა, რათა იდეის განსახორციელებლად საკმარისი კვირტები ჰქონოდა. წელს კი საქმიანობას აქტიურად შეუდგა. მართალია, ნერგები თავად გამოჰყავს, თუმცა დიდი ხეივნის გაშენებისთვის დამატებითი რესურსები იყო საჭირო, კერძოდ კი მწარე ბლის საძირეები, რომელზეც საკურას კვირტები უნდა დაიტანოს. რამდენიმე თვის წინ ლექსომ საზოგადოებას ამ იდეის განხორციელებისთვის მხარდაჭერა სთხოვა და პასუხმაც არ დააყოვნა.
“მწარე ბლის ხეების საძირეებია საჭირო, ამიტომ Facebook-ზე დავწერე, რომ არ მქონდა იმდენი რესურსი, რომ 5 კმ–იანი ხეივანი გამეშენებინა, პატარა მონახაზი გავაკეთე და ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა. დავაანონსე, რომ პროცესს 3 აპრილს დავიწყებდი, ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიოდნენ – ჩუმლაყი, ხაშმი, ბორჯომი, ბაღდადი, ხულო და სხვა ყველა თავიანთი ხეებით. განა ჩვენ გვიჭირდა ლეჩხუმში, მაგრამ მე მინდოდა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდებს მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში და ასეც მოხდა“, – აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.
თავდაპირველად მწარე ბლის ხეების დათესვა 500 მეტრზე იგეგმებოდა, თუმცა ხალხის ნაკადისა და ენთუზიაზმის გათვალისწინებით საბოლოოდ საძირეები 1500 მეტრზე განთავსდა. აგვისტოში მათზე კვირტს დაიტანენ, საძირეების დათესვის პროცესი კი შემოდგომაზე გაგრძელდება და სავარაუდოდ შემოდგომაზევე დასრულდება.
როგორც ლექსო გვიყვება, ლეჩხუმში დიდიდან დაწყებული პატარით დამთავრებული, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში. მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ტექნიკითა და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმარნენ მას. განაგრძეთ კითხვა