ერთი თვის წინ, მსოფლიო ტაბლოიდები ჰოლივუდის ვარსკვლავის, 61 წლის ტომ კრუზის ახალ შეყვარებულზე ელსინა ხაიროვაზე ალაპარაკდნენ. წყვილი ყურადღების ცენტრში ლონდონში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე მოექცა.
36 წლის ელსინა ყოფილი მოდელია რუსეთიდან, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა. ქალი დაქორწინებული იყო რუს ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვზე. ელსინა თავის ყოფილ პარტნიორთან ერთად ფლობდა არაერთ სასახლეს ინგლისში, რომელთა ღირებულება 20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ წყვილი სკანდალურად გაიყარა და ქონების გაყოფის დავამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა.
ელსინას მამა რინატ ხაიროვი რუსი პოლიტიკოსია, რომლის საპარლამენტო უფლებამოსილება სახელმწიფო სათათბიროში 2021 წელს დასრულდა.
რინატ ხაიროვს კიდევ ერთი ქალიშვილი, ალინა ხაიროვა ჰყავს, რომელიც ქართველზეა დაქორწინებული.
- ვინ არის ხაიროვების ქართველი სიძე?
რაც შეეხება რინატ ხაიროვის მეორე ქალიშვილს, ალინას, სწორედ მისი მეუღლეა ქართველი ბიზნესმენი ირაკლი ბუხიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში იძებნება როგორც “ირაკლი კახელი“
ჩვენი ინფორმაციით, ბუხიაშვილების ოჯახი წლები ცხოვრობდა რუსეთში. ბიზნესმენის მშობლები ახლა საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა ბევრს მოგზაურობენ. რაც შეეხება ბუხიაშვილ-ხაიროვას წყვილს, მათ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს და ამჟამად კვიპროსში ცხოვრობენ.
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიეთ, ირაკლი ბუხიაშვილი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური სამართალის დოქტორია. მას ასევე დამთავრებული აქვს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, საერთაშორისო სამართალისა და იურისპრუდენციის მიმართულებით.
ირაკლი ბუხიაშვილი კვიპროსში რეგისტრირებული ფირმის “FINE LIFE GROUP იურიდიული და ფინანსური სერვისების“ გენერალური დირექტორი და წამყვანი იურისტია. აღნიშნული ფირმა გთავაზობთ იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, საქართველო და საბერძნეთი. კომპანიას ყველა ქვეყანაში თავისი ფილიალი აქვს, მათ შორის საქართველოშიც.