13 წლისა იყო, როცა ბებიამ სამოდელო სააგენტოში კასტინგზე მიიყვანა და მისი კარიერა აქედან დაიწყო. მოთხოვნადი მოდელი აღმოჩნდა. ნიჭის გარდა, გამორჩეული თმის ფერი (ჟღალი) ჰქონდა და უამრავ რეკლამაში გადაიღეს. პატარა გოგონას შემოსავალი გაუჩნდა, უცებ გახდა დამოუკიდებელიც, რაც ძალიან მოსწონდა. მარიამი ჰქვია, მაგრამ ამ სახელით არავინ იცნობს. მასზე ერთი წლით უფროსი დის მიერ შერქმეული მეტსახელი მანი, მანიკად იქცა. ტელეწამყვან მანიკა ასათიანს მოდელობაზე არ უოცნებია და არც მთავარ პროფესიად გაუხდია, თუმცა ეს სფერო მისი ცხოვრების ნაწილია და ჰობის დონეზე ყოველთვის დარჩება.
– მოდელობის დროს ფოტოგადაღება მოგწონდა, დღესაც გიყვარს?
– მგონი აღარ მიყვარს, დავიღალე (იცინის). ბავშვობიდან დავიწყე და სიმართლე გითხრა, მომბეზრდა. კამერასთან მუშაობა და საერთოდ, სამოდელო გამოცდილება ჟურნალისტიკაში თავიდანვე დამეხმარა იმ კუთხით, რომ კამერის შიში არ მქონია. ეს პლუსი იყო. ჩემთვის სამოდელო საქმე დღეს მიძინებულია, ამისთვის ფიზიკურად დრო აღარ მრჩება. ბოლო ჩვენებაზე 2 წლის წინ გამოვედი.
– სკოლაში მათემატიკას კარგად სწავლობდი და ჟურნალისტიკა რატომ აირჩიე? – ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა “ჯეოსტარში” ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, “რუსთავი 2”-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო… არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება.
– პოდიუმზე პირველი გამოსვლისას არ დაიბენი?
– ერთადერთი, რაც არ მქონია, ეს არის დაბნევა. რა თქმა უნდა, სამოდელო და სატელევიზიო კარიერაში პატარა-პატარა კურიოზები ყოფილა, მაგრამ ლაღი ბავშვი ვიყავი და ეტყობა, თავიდანვე ორივე სფეროს ბავშვურად მივუდექი. პოდიუმზე მქონია მომენტები, როცა ფეხი წამომდებია გრძელ კაბაზე და წავქცეულვარ, მაგრამ არ დავბნეულვარ. ამის კომპლექსი არა მაქვს. ამ დროს მაყურებლის მიდგომაა მნიშვნელოვანი, ოვაციები მოდის მათგან და შენც ჩვეულებრივად აგრძელებ. ტელევიზიაშიც ანალოგიურად ხდება…
– ე.ი. შენთვის პირდაპირი ეთერი სირთულეს არ წარმოადგენს. – ტელევიზიაში სულ პირდაპირ ეთერში ვმუშაობ, ეს რეჟიმი მომწონს. ზოგჯერ უცბად ხდება გაუთვალისწინებელი რამ და ხშირად ექსპრომტად გიწევს რამის მოფიქრება. ჩანაწერ გადაცემაზე არ მიმუშავია. ჩემთვის ეს მიმართულება ბევრად უფრო დამღლელია, გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, რაღაც შეგეშლება, მერე ახლიდან წერ და იწელება ჩაწერა. პირდაპირ ეთერში უფრო მობილიზებულად, “ცოცხლად” ხარ. იმდენად მივეჩვიე ამ რიტმს, არც მინდა შეცვლა.
– დილით ადრე ადგომა არ არის დამღლელი?
– 15 წლის ასაკში დავიწყე ტელევიზიაში დილის ეთერში მუშაობა და მაშინ მთელი ღამეც რომ არ დამეძინა, პრობლემა არ მქონდა. დღეს ცოტა სხვანაირ რეჟიმში ვარ. ორგანიზმს ყურს ვუგდებ და ვხვდები, რომ საჭიროა ადრინდელთან შედარებით მეტი გამოვიძინო. ამიტომ ვცდილობ, ეს პროცესი დავარეგულირო. ახლაც, შაბათ-კვირას “იმედზე” დილის ეთერი მაქვს, რომელიც ცოტა გვიან, 9-ის ნახევარზე იწყება. გადაცემა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და წარმატებული დასაწყისი გვქონდა.
– დილის გადაცემაში რესპონდენტების მოსვლაზე დათანხმება ძნელია?
– წლების მანძილზე ყველანაირი რესპონდენტი მყოლია. ზოგს არ უყვარს დილის ეთერში მოსვლა (ან საერთოდ ინტერვიუ) და შინაურულად ითვალისწინებს შენს თხოვნას. ყოფილა შემთხვევები, როცა არ ამართლებს იმ კუთხით, რომ კარგი მოსაუბრე არაა და თავად გიწევს მის ნაცვლად საუბარი. ხდება ისეც, რომ უცბად არ მოდის რესპონდენტი და აი, მაშინ როგორ უნდა გამოძვრე, არ იცი (იღიმის), ეს შენს უნარზეა დამოკიდებული. ასეთი უამრავი შემთხვევა მქონია და ამასაც თავისი ხიბლი აქვს. თუ ადამიანი რომელიმე კითხვაზე პასუხს თავს არიდებს, სხვა კითხვაზე გადახვალ და ა.შ. გამოსავალს ყოველთვის მოძებნი, მთავარია, არ შეიმჩნიო.
– მაკა ასათიანი როდის და როგორ გაიცანი? – მაკაზე ბავშვობიდან ვგიჟდები და სილამაზის ეტალონად მიმაჩნია. დაახლოებით 9 წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის გადაღებებზე სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენელი რამდენიმე ქართველი ქალბატონი მიიწვიეს, მათ შორის, მე და მაკა ვიყავით. თავიდანვე კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. ერთხანს “მაესტროში” ვმუშაობდი და ხშირად მქონდა მასთან შეხება. საზღვარგარეთაც ვყოფილვართ ერთად. მაკა და მე ერთი შტოდან ვართ, წარმოშობით ლეჩხუმიდან, თუმცა ჩვენი მშობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ.
ნანული ზოტიკიშვილი ჟურნალი “გზა”