“სამწუხაროა თვალის დევნება საქართველოს პრემიერმინისტრის განგრძობითად და პერმანენტულად დეგრადირებადი განცხადებებისთვის, რომლებიც ბოლო დროს რუსეთის ლიდერების განცხადებებისგან რთულად გარჩევადი გახდა”– ამ განცახდებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რითიც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის არამეგობრულ განცხადებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მის დამახინჯებულ შეფასებას.
საქართველოს ხელისუფლების მეთაურის განცხადება ჩვენი სახელმწიფოს, ღირსების რევოლუციის, გმირობისა და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ არის მიუღებელი და აღმაშფოთებელი.
არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ ზუსტად რუსეთი, რომელიც მუხანათურად დაესხა თავს ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით სიცოცხლის დაკარგვაზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. აღსანიშნავია, რომ სიტყვა “რუსეთი” ქართველი მაღალჩინოსნის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები.
სამწუხაროა თვალის დევნება საქართველოს პრემიერმინისტრის განგრძობითად და პერმანენტულად დეგრადირებადი განცხადებებისთვის, რომლებიც ბოლო დროს რუსეთის ლიდერების განცხადებებისგან რთულად გარჩევადი გახდა.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა დანაშაულისთვის, რომლებიც ბოლო ათწლეულებში ჩაიდინა უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.
ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებს რუსულ ნარატივებს და თავი შეიკავონ საქართველოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში უკრაინის გამოყენებისგან.
უკრაინა გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, ასევე ქართველი ხალხის მშვიდობის, თავისუფლების, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების დამყარების მისწრაფებების მიმართ.”
ცნობისტვის, ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ევრომაიდანის, იგივე ღირსების რევოლუციის შემდეგ უკრაინაში “ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ”. მან სწორედ “მთავრობის დამნიშვნელები” დაადანაშაულა რუსეთის მიერ უკრაინაში 2014 წელს დაწყებულ ომში, რომელმაც 2022 წელს სრულმასშტაბიანი სახე მიიღო.