„ყველაზე მეტად მეშინია უფუნქციოდ დარჩენის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაცისთვის საჭირო აღარ ვიქნები”, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ საოცნებო სიბერის შესახებ თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში – „სთორი” ისაუბრა.
„დიდხანს უნდა ვიცოცხლო აუცილებლად. უნდა ვიყო მოქმედი, ინტელექტუალს და გლეხს შორის რა განსხვავებაა? – გლეხი ფუნქციას არასოდეს არ კარგავს. გლეხს სულ საქმე აქვს, სანამ შეუძლია გათოხნის. ინტელექტუალი კი ერთ მშვენიერ დღეს ხდება უფუნქციო. მერე იწყება კვდომა, ყველაზე მეტად მეშინია უფუნქციოდ დარჩენის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაცისთვის საჭირო აღარ ვიქნები… აი, ვამზადებ ჩემს თავს, ბევრი რამისთვის. უტელევიზიო ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ მე გამოცდილება მაქვს.
ჩემი მეგობარი ლია მიქაძე, ლამის ტელევიზიის დამაარსებელი, მივიდა ერთ დღეს ტელევიზიაში და დაცვამ არ შეუშვა, იმიტომ რომ გაშვებული ხართო უთხრეს – ეს რა ტრაგედია იყო, როგორ შევედრები ქალბატონ ლია მიქაძეს, მაგრამ, როცა ეს მაგალითი მაქვს, მე ამისთვის ვემზადები.
ასევე ვამზადებ თავს სიბერისთვის, ვიყო სასურველი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ამას დამსახურება უნდა, რომ სასიამოვნო იყოს შენთან ურთიერთობა, როგორც მოხუცთან. ჩემს სიბერეს თბილისში ვხედავ, პლეხანოვზე, ჩემი ცოლი და მე ვერ ვთანმხდებით პლეხანოვის სიყვარულზე”,- ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.