“ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მისია და სტატუსი… უახლოესი 10 წელი ძალიან რთულია” – მიხეილ ცაარელის პროგნოზი უახლოესი პერიოდისთვის, რის შესახებაც მან თათია შარანგიას გადაცემაში ისაუბრა.
“ურთულესი პერიოდი გვაქვს მომავალში, მაგრამ გავივლით. ჯერ კიდევ ომის პერიოდში, 2008-ში, მახსოვს, მე მაშინ განვაცხადე, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გადარჩება.
გავივლით ბევრ სირთულეს… ჩვენ ირგვლივ იგიზგიზებს ცეცხლი, იქნება უამრავი ომი. უახლოესი 10 წელი ძალიან რთულია კაცობრიობისთვის. ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ საქართველო, სირთულეების მიუხედავად, გადარჩება.
ამერიკელებს ძალიან საინტერესო კვლევა აქვთ ჩატარებული, რომლის მიხედვით, შუმერები, ფინიკიელები და ქართველები – სამი ერია მხოლოდ, რომელიც არასოდეს არ ომობდა სხვის დასახოცად, სხვისი ტერიტორიების დასაპყრობად. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მისია და სტატუსი.
წილხვედრი ქვეყანა ვართო, რომ ამბობენ, ეს ტყუილად კი არ არის ნათქვამი. აქ სხვა ენერგეტიკა დევს… როცა ჩამოდიან ინდოელები და გვეუბნებიან, რომ თქვენ არ იცით, რა ენერგოველი გაქვთ, ჩვენ მართლა არ ვიცით და ისინი გრძნობენ ამას.
ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პრინციპიდან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოგვისპეს, იმიტომ, რომ ამას ცუდი სახელები მისცეს. სინამდვილეში რატომ იყო ოვალური და არა მართკუთხედი ქართული საქეიფო სუფრა – რა ჩადეს წინაპრებმა ამაში? რატომ იყო, როდესაც დელეგაცია წავიდა უნივერსიტეტიდან ინდოეთში იოგას შესასწავლად და იქაურმა გურუმ რომ გაიგო, ჩამოვიდნენ ქართველები იოგას შესასწავლად, ძალიან გაუკვირდა და გვითხრა ასეთი რამ – იოგა თქვენგან მოვიდა ინდოეთში და აქ ჩამოხვედით სასწავლებლადო?
ყველამ პირი დააღო, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ არსებობს კავკასიური უძველესი იოგა. ბევრი რამ არ ვიცით ჩვენ, მარტო ტრადიციების შესრულება კი არ არის, მათი სიღრმისეული ცოდნაა საჭირო და მაშინ ის ტრადიციაც გაცილებით საამური გახდება თქვენთვის“ – აღნიშნა მან.