წითელი ნახევარმთვარე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს 3 ადამიანი დაიკარგა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციაში განმარტეს, რომ არცერთი მათი თანამშრომელი არ დაკარგულა და დასძინეს, რომ ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სამუშაოებზე პასუხისმგებელი სამსახური გაავრცელებს.
მანამდე, ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ოპერაციის 3 მონაწილის ადგილმდებარეობა უცნობია.
ირანული მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვერტმფრენის სამძებრო–სამაშველოო ოპერაცია მიმდინარეობს, 3 მაშველი დაიკარგა.