ირანული მედია პრეზიდენტის ვერტმფრენის კატასტროფას ოფიციალურად ადასტურებს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო.
როგორც სამთავრობო წყაროები აცხადებენ, აზერბაიჯანთან საზღვარზე იბრაჰიმ რაისისა და ალიევის შეხვედრის შემდეგ, საპრეზიდენტო MI-17-ის ტიპის ვერტმფრენი, ირანის ჩრდილოეთით აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ვარზაყანის რაიონში უამინდობის გამო ჩამოვარდა(ზოგიერთი წყარო აცხადებს ავარიულად დაეშვა).
ინციდენტი კი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის.
ვერტმფრენში, პრეზიდენტ რაისთან ერთად, პროვინციის გუბერნატორი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ.
ჩამოვარდნის ადგილზე მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები – დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი წყარო აცხადებს, რომ არის მსხვერპლი.