მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება.
როგორც “კომერსანტმა” გაარკვია ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა ჩოგბურთელისგან კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას მოითხოვს.
“ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ინვესტორის ადვოკატს, მარიკა არავეძეს, თუმცა მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ დეტალებს უკავშირდება.
ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოფილმა ინვესტორმა, ირაკლი კაჭარავამ, რომელიც უცხოეთში სხვადსხვა ბიზნესს ფლობს, სპორტსმენის კარიერაში საწყის ეტაპზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩადო და ახლა ათლეტისგან კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას მოითხოვს. სადავო თანხის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ ირაკლი კაჭარავას ორმაგი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და იგი კომპანია შპს ზენას 100 პროცენტი წილის მფლობელია. კომპანია 2020 წლის 5 მარტს დარეგისტრირდა.
მრავალმილიონიანი სასამართლო დავა ირაკლი კაჭარავასა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის უახლოეს მომავალში საქართველოს სასამართლოში განიხილება და შემდგომ საერთაშორისო არბიტრაჟში.
“კომერსანტი“ ბასილაშვილის ინტერესების დამცველს, ირმა ჭკადუას დაუკავშირდა თუმცა, ადვოკატმა მედიაჰოლდინგის ზარს არ უპასუხა.” – წერს გამოცემა.