განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიურ მდგომარეობას ამ სიტყვებით ეხმაურება.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თუ მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს არ დაიცავენ, საკოორდინაციო საბჭო იძულებული გახდება, რომ დამატებითი შეზღუდვები იქნეს შემოღებული.
“პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.