პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესმდივანმა ნინო გიორგობიანმა, სოციალურ ქსელში განმარტა, რატომ არ გაიკეთა პრემიერმა ვაქცინა.
ნინო გიორგობიანი წერს, რომ პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია.
“როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, იგი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.
ასევე, გატარდა ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით.
კითხვები დაისვა, რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერ-მინისტრი. მინდა განვმარტო, რომ ამ შემთხვევაში, პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და შესაბამისად, ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
პ.ს. მე გუშინ გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის!,”- წერს პრემიერის პრეს მდივანი.