უკრაინული მედია ბოლო დღეების განმავლობაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინაში დაბადებულ მის ქალიშვილზე აქტიურად წერს. მათი ცნობით, გოგონამ, რომელიც სააკაშვილს უკრაინელ სახალხო დეპუტატ ლიზა იასკოსთან შეეძინა, კიევში საჩუქრად ბინა მიიღო.
როგორც ირკვევა, ვიდრე საქართველოს ექსპრეზიდენტი ციხეშია, დედამისმა გიული ალასანიამ უკრაინაში არსებული უძრავი ქონება და კიდევ მილიონი გრივნა შვილიშვილს გადასცა.
უკრაინელმა დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ დეკლარაციაში შეიტანა, რომ ბინა კიევში, მისმა პატარა ქალიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. უფლებამოსილი პირი კი, ვინც გოგონას ბინა გადაუფორმა, გიული ალასანია გახლდათ.
პატარა ჟასმინმა, რომელსაც დედამ თავისი გვარი მისცა, 2023 წლის აპრილში საჩუქრად მიიღო 97,2 მ2 ფართობის ბინა კიევში. ქონების ღირებულება იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა, დაახლოებით 145 ათასი დოლარი.
ბებიამ შვილიშვილს ნაღდი ფულის სახით – 1 მილიონი გრივნაც (25 ათასი დოლარი) აჩუქა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეს თანხა გამოიყენება უძრავი ქონების შემოწირულების შედეგად წარმოქმნილი გადასახადების გადახდისთვის.
მედიის ინფორმაციით, ლიზა იასკო და მისი ქალიშვილი კვლავაც ცხოვრობენ კიევის რაიონის სოფელ ლესნიკში, სადაც სააკაშვილი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა. სახლის ფართობი არის 120 კვ.მ, მიწის ნაკვეთის კი 1022 კვ.მ, სახლი სააკაშვილის დედის საკუთრებაა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსების რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი, ხოლო 2023 წლის ზაფხულში იასკომ გამოაცხადა, რომ სააკაშვილისგან შვილი შეეძინა. გოგონას ფოტო დედას სოციალურ ქსელში არ გაუვრცელებია. ამბობენ, რომ გოგონა ჯერ სააკაშვილის ახლობლებსაც არ უნახავთ.
“ჩვენ არ გვინახავს მიშას და ლიზა იასკოს ქალიშვილი, ჟასმინი, არც მე და არც დედაჩემს. ვიცით, რომ გოგონა 2022 წლის გაზაფხულზე დაიბადა“, – განაცხადა სააკაშვილის ძმამ დავითმა უკრაინულ მედიასთან რამდენიმე თვის წინ.
ლიზა იასკომ ბავშვი დეკლარაციაში დაარეგისტრირა. გოგონა დედის გვარზეა და მოხსენიებულია, როგორც ჟასმინ იასკო მიხაილოვნა.
შეგახსნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში ჩავიდა.
დაკავების დღეს სააკაშვილმა და იასკომ ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც პირად ურთიერთობაზე ლაპარაკობდნენ. ლიზა იასკო დაკავებულ ექსპრეზიდენტს ციხეში ხშირად აკითხავდა, რამდენიმე თვეში კი ცნობილი გახდა, რომ მომღერლის სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი ალისკა მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა. ლიზა იასკო დიდი ხანია, რაც საქართველოში არ ჩამოსულა. უცნობია, რა ურთიერთობა აქვს მას ახლა ექსპრეზიდენტთან, რადგან რამდენიმე თვის წინ სააკაშვილის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნდა სტატუსი.
“ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას”, – წერდა ის.
რამდენიმე დღეში სტატუსი “ფეისბუქგვერდიდან” გაქრა.