სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას საყოველთაო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს.
“დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულის) საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ამ მოვლენებს ეყრდნობა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.
გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. გილოცავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს”, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მისალოც წერილში.