პლანეტის სიღრმეში კონტინენტების ზომის ქანების გიგანტური მასა იმალება, რომელიც იქ სრულ იზოლაციაშია დედამიწის წარმოქმნის შემდეგ. აღნიშნულ ორ სტრუქტურას დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს უწოდებენ (LLSVP).
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დედამიწის წიაღში განთავსებული ამ უზარმაზარი ოლქების შესწავლას, თუმცა ეს რთულია, რადგან ისინი მოქცეულია ძალიან ღრმად, ზედაპირიდან დაახლოებით 2900 კმ სიღრმეში, მანტიისა და დედამიწის თხევადი ბირთვის საზღვრის სიახლოვეს. ერთი ასეთი მასა აფრიკის ქვეშ მდებარეობს, მეორე კი, წყნარი ოკეანის.
ამ დრომდე, მათ შესახებ დაზუსტებით ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. უახლესი თეორიის თანახმად, რომელიც არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, ის დედამიწისა და ჰიპოტეტური პლანეტის, თეას ერთმანეთთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ დაბალი სიჩქარის დიდი ოლქები უკვე დიდი ხანია არსებობს. ვარაუდობენ, რომ ის სწორედ იმ პერიოდისაა, როდესაც დედამიწას სხვა პლანეტა შეეჯახა და შედეგად მთვარეც წარმოიქმნა.
მარსის სიდიდის პლანეტა თეა დედამიწას შეეჯახა, ერთმა ანასხლეტმა მთვარე წარმოქმნა, მეორემ კი, შესაძლოა, იგივე პრინციპით დიდი ხანია დატოვა ჩვენი ორბიტა, თუმცა შესაძლოა, ის არსადაც არ წასულა და ორი პლანეტის შერწყმამ გამოიწვია ახალი პლანეტის ჩამოყალიბება. დაბალი სიჩქარის დიდი ოლქები კი არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, შესაძლოა, სწორედ თეას დედამიწასთან შეზრდილი ნაწილები იყოს. მათი თქმით, ამ თეორიას ბევრი არაფერი ამყარებს, მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია, რომ ეს ასეც მომხდარიყო. ახლა მათი თეორია სხვა მეცნიერებმაც უნდა განიხილონ და დაადგინონ, არის თუ არა LLSVP ნამდვილად უცხო პლანეტის ნაწილი, რომელიც დედამიწის სიღრმეში იმალება.