პატარა ჯეილინის დედამ, კრისტელ კანდელარიომ გადაწყვიტა 10-დღიანი შვებულება მოეწყო და შვილისგან დაესვენა. ამერიკელმა ქალმა 16 თვის ქალიშვილი სახლში მარტო დატოვა. გოგონა ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე, მანეჟში გამომწყვდეული დარჩა. ერთადერთი, რაც დედამ ქალიშვილს დაუტოვა, ბოთლი რძე იყო.
მარტო დარჩენილი წლინახევრის ჯეილინი განუწყვეტლივ ტიროდა და ყვიროდა, მისი ყვირილი მეზობლების შესასვლელ კარზე დაყენებულმა კამერამაც დააფიქსირა. თუმცა მეზობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ, ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ ბავშვს რამე ემუქრებოდა.
ამ დროს კრისტელ კანდელარიო სახლიდან და ქალიშვილისგან ასეულობით კილომეტრით იყო დაშორებული და პუერტო რიკოში მამაკაცთან ერთად ისვენებდა. ქალმა შეყვარებულთან ერთად სანაპიროზე რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი დეტროიტში დასარჩენად გაჩერდა. 10 დღიანი დასვენების შემდეგ კი სახლში დაბრუნდა, გოგონა კი გარდაცვლილი დახვდა. იმავე მომენტში მან 911-ში დარეკა და ტირილით ითხოვა დახმარება: „გთხოვთ, დამეხმარეთ, ჩემი ქალიშვილი კვდება“.
შემთხვევა გასულ წელს მოხდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რათა მართლმსაჯულებას განესაზღვრა, რა სასჯელი დაკისრებოდა კრისტელ კანდელარიოს. ქალმა თავი დამნაშავედ თებერვალში ცნო.
სასამართლოზე პათოლოგ-ანატომმა ელიზაბეტ მუნიმ დეტალურად ახსნა სტრესი, რომელიც მცირეწლოვანმა ბავშვმა გადაიტანა. „საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილი, დედისგან მიტოვებული ბავშვის ტკივილი და ტანჯვა საათობით ან დღეობით კი არა, შესაძლოა მთელი კვირაც გაგრძელდა. . მიტოვების ამ განცდას თან ახლდა შიმშილი და უკიდურესი წყურვილი. არა მგონია, რომელიმე ჩვენგანმა ოდესმე გაითავისოს, რა განიცადა ბავშვმა, ” – განაცხადა მუნიმ სასამართლოზე.
მოსამართლემ კანდელარიოს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის კლივლენდის პოლიციის სერჟანტი ტერეზა გომესი, ცრემლებს ვერ იკავებდნენ, როდესაც ბავშვის მდგომარეობას აღწერდნენ. ”ეს არის საქმე, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გონებაში და გულებში”, – თქვა გომესმა განაჩენის გამოტანისას.