საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს! ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში “დინამო არენაზე” ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა დრამატული მატჩი იხილეს – წვიმა, წითელი ბარათი, არჩათვლილი გოლი და ბუდუ ზივზივაძის საოცარი პერფორმანსი.
მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად მსაჯების ფაქტორზე ისაუბრა.
…მატჩის შეფასება: “ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით, პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის საფუძველზე დამსახურებული იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სრულიად არ მესმის, რის საფუძველზე იმოქმედა მსაჯმა გადამწყვეტ მომენტში, რადგანაც თავიდან მიქაუტაძე ექაჩებოდა მაისურზე ჩვენს ფეხბურთელს, შემდეგ გოლი გავიტანეთ და მსაჯმა წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო. ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ამ მსაჯმა ჩვენი თამაში იმსაჯა და ორივე შემთხვევაში ჩვენი გუნდისთვის კატასტროფა იყო”.
…VAR-ის გადაწყვეტილებაზე: “ჩვენი გუნდისთვის მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რთული იყო. ეს მომენტი საჯარიმოს გარეთ დაიწყო, ვიდეოასისტენტმა კი გადაწყვიტა, რომ თამაში დაებრუნებინა მიქაუტაძის წინააღმდეგ ჯარიმის მომენტში და არა – 2 წამით ადრე, როცა ის არღვევდა თამაშის წესს. რთულად გასაგები და მისაღებია ჩვენთვის, თუ როგორ მოქმედებს VAR, მითუფრო, ასეთ გადამწყვეტ მომენტში”.
…მაყურებლის ფაქტორზე: “ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში განსაკუთრებული იყო, მათაც ვულოცავ ამ გამარჯვებას. განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ მაყურებლის ფაქტორი ჩვენს ფეხბურთელებს წნეხის ქვეშ აქცევდა. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, საგრძნობლად უკეთ ვთამაშობდით იმ მომენტამდე, რომელზეც უკვე ვისაუბრე”.
…ისევ მსაჯზე: “პირველ ტაიმში სრულიად უკმაყოფილო ვიყავი ჩვენი თამაშით, განსაკუთრებით, ტემპის მხრივ. მეორე ტაიმში ბევრად გამოვასწორეთ სიტუაცია, გაძევების შემდეგაც კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მსაჯმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ვფიქრობ, ჩვენი გოლი რომ ჩათვლილიყო, სრულიად განსხვავებულ თამაშს ვიხილავდით, ამიტომ ძალიან ვწუხვარ, რომ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამით, ყველაფერი გადაწყდა. ეს მომენტი თამაშის შემდეგ ვიდეოჩანაწერზე ვნახე. მატჩის დროს ყველაფერი სწრაფად ხდება და კარგად არ ჩანდა. თავიდან ვიფიქრე, რომ საჯარიმოში მოხდა ყველაფერი და პენალტი დაინიშნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ 2 წამით ადრე ჩვენს ფეხბურთელზე იყო ჯარიმა, ძალიან რთულია მსაჯის მოქმედების გაგება”.
წყარო: europop