ვაშლიჯვრის ფერდობზე მცხოვრები დევნილები, საცხოვრებლებს ტოვებენ.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობა მეწყერსაშიში ზონიდან გადადის. ამის გამო ბროწეულას ქუჩაზე არსებულ დევნილების დასახლებაში მივედით და გავესაუბრეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ საშიშ უბანს შემორჩა.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლების გარკვეულმა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა. რამდენიმე კი უახლოეს პერიოდში აპირებს ერთადერთი საცხოვრებლიდან წასვლას.
„ძალიან მეშინია და ალბათ სადმე გადავალ. ყველას ეშინია, ზოგმა უკვე გაიტანა ჩანთები. რამდენიმე ოჯახი უკვე ქირით გადავიდა. კიდევ ბევრი ამბობს, საცხოვრებლად სხვაგან გადავალთო. ხალხი არის შიშში. გუშინ წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით…“ – ამბობს ერთ-ერთი დევნილი ქალბატონი.
ადგილობრივები 10 წლის წინ მოვარდნილ ღვარცოფს იხსენებენ და ამბობენ, რომ ფერდობიდან კლდის ნაშალი პერიოდულად ჩამოდის.
„ბროწეულას ჩიხში 17 ოჯახი ვცხოვრობთ. წლების წინათ, ფერდობიდან დიდი წვიმის შემდეგ, ღვარცოფი ჩამოვიდა და ეზოები დაგვიტბორა. ახლანდელი სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ყველას ეშინია და აქედან გარბიან. ზოგიერთს წასასვლელიც კი არ აქვს. მარტო ამ ჩვენს პატარა უბანში საცხოვრებელი რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა.
ერთ ოჯახს სამი ბავშვი ჰყავს, მათ შორის ტყუპები, სოციალურად დაუცველები არიან და სახლი სასწრაფო წესით დატოვეს. წასავლელი არსად ჰქონდათ, მაგრამ შიშის გამო ვერ გაჩერდენენ. ამ ფერდობზე ტერირორია რამდენიმე ადგილას არის დამეწყრილი.
დღეში სამჯერ ავდივარ და ვამოწმებ რა მდგომარეობაა. ყოველ დღე სულ უფრო მატულობს ნაპრალის სიღრმე. დღეს, გერმანელმა სპეციალისტებმაც თქვეს, რომ მდგომარეობა რთულიაო, ახლა ხალხს მთავრობამ უნდა მიხედოს. ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობაც ტოვებს სახლებსო.“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.