” დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვილი ნარკომანი და ბარიგა იყოო? ის მაღალჩინოსანია და საქმე ისე შეკერა, როგორც აწყობს”– აცხადებს ნარკოტიკების ზედოზირებისგან გარდაცვლილი აჩიკო ბარდაველიძის და “ამბები.ჯისთან”, რითაც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებას ემიანება.
მისი თქმით, ანა გუდავამ, რომელიც ჩვენი სახლიდან წაიყვანა პოლიციამ, ჩვენებაში აღიარა, რომ მან ჩამოიტანა თერჯოლაში წამალი.
“კი, ანამ სასწრაფო გამოიძახა, ეს მართალია, დანარჩენი – სიცრუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვილი ნარკომანი და ბარიგა იყოო? ის მაღალჩინოსანია და საქმე ისე შეკერა, როგორც აწყობს. პოლიციამ როცა გაიგო, ვისი შვილი იყო ანა გუდავა, მეორე დღეს მოვიდნენ ჩვენთან განმეორებით ექსპერტიზაზე, რისი უფლებაც არ მივეცით. ანა გუდავამ, რომელიც ჩვენი სახლიდან წაიყვანა პოლიციამ, ჩვენებაში აღიარა, რომ მან ჩამოიტანა თერჯოლაში წამალი და ყველაფერი მისი იყო. ამ ქალბატონს არ რცხვენია? ახლა გაახსენდა მისი შვილი, მიტოვებული და სახლიდან გამოგდებული რომ ჰყავდა და სასტუმროდან-სასტუმროში რომ დარბოდა? რესტორნებში მუშაობდა გოგო, თავი რომ გაეტანა და ახლა გაახსენდა?
მაღალჩინოსანი რომაა და რომ გახმაურდა ეს ამბავი, არ უნდა მისი შვილი დამნაშავე გამოიყვანოს. გოგო მამამაც მიატოვა და დედამაც, ხან სად იყო და ხან – სად. ახლა გაახსენდა მის შვილს დახმარება რომ სჭირდება? როცა მართლა სჭირდებოდა, მაშინ რატომ არ დაუდგა გვერდით? ანა გამოვა ციხიდან და ჩემი ძმის მსგავსად ბევრს შეიწირავს. ის ნარკოტიკი ჩემი ძმის არ ყოფილა, აჩიკოს სიგარეტის ფულიც არ ჰქონდა, საიდან იყიდა, ან ვინ მისცემდა, სოფელში ცხოვრობდა და დედასთან ერთად მუშაობდა, თავი რომ გაეტანა, ვინ ანდობდა ამდენ წამალს? ანა 1-ლ მარტს ჩამოვიდა ჩვენთან და 2-ში ჩემი ძმა ლოგინში იყო მკვდარი. დედამისმა ის თქვას, ანა გუდავამ მკვდარს რომ უღო სურათები, მეგობრებს რომ ურეკა, მიშველეთო.
მის ჩვენებაში აბსოლუტურად ყველაფერი წერია. ვინც ანა ჩემს სახლში ნახა, მისი ქცევებით ყველა გაკვირვებული იყო. სკამზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდაო, – მეზობლები ამბობენ. ის არც ცუდად ყოფილა, როგორც დედა ამბობს. სასწრაფომ თქვა, 1 საათის გარდაცვლილია ეს ბიჭიო. ამ გოგოს უნდოდა გაუხმაურებლად თვითონ გამოეყავანა აჩიკო მდგომარეობიდან, ამიტომ დარეკა სასწრაფოში გვიან. ჩემი ძმის ლოგინი მთლად სველი იყო, იმდენი წყალი უსხია მისთვის, სახეშიც ნარტყამი ჰქონდა… როცა მიხვდა, მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანდა, მერე დარეკა სასწრაფოში, სასწრაფომაც დააგვიანა, თურმე. როცა ცუდად გახდა, ანას მაშინვე რომ დაერეკა, ან ვიღაცისთვის ეთხოვა დახმარება, იქნებ გადარჩენილიყო აჩიკო, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ამ გოგოს არავინ ვიცნობდით, ამ ამბის მერე გავიგეთ მასზე. დავიჯერო, დედამისმა არ იცოდა მასზე ყველაფერი? თუმცა არც ერთ მშობელს მასთან კონტაქტი არ ჰქონია და როგორ? აჩიკოსთვის მანამდე მსგავსი არაფერი შეგვიმჩნევია, ამას როგორ წარმოვიდგენდით. ბევრი კითხვა მაქვს ანასთანაც და გამოძიებასთანაც, მაგრამ ახლოს არ მიკარებენ. უნდათ, ამ გოგოს შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი საქმეები მიუჩქმალიათ? ანა ჩვენებაში ყველაფერს წერს, რა და როგორ ჩამოიტანა ნარკოტიკი, მაგრამ ის არ ასახელებს, ვინ მისცა წამალი. ახლა გამოუშვებენ და ჩემი ძმისნაირს კიდევ ბევრს შეიწირავს. ნეტა ჩემი ძმა იყოს უკანასკნელი, ვინც ნარკოტიკით გარდაიცვალა, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს, დიდი განუკითხაობაა ქვეყანაზე. ჩემს საცოდავ ძმას არაფერი ეშველება და მკვდარს ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?“
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნი, რომლის 20 წლის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც ის აცხადებს, მის შვილს ნარკორეალიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ტრაგედიის დღეს, არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.