მეგი ბაქრაძე, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, საცხოვრებელ სახლში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. 27 წლის ქალი ადიგენის სოფელ ენთელში ცხოვრობდა. კლინიკა „იმედის“ მედდას ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
„თავიდან სანიტარი იყო, შემდეგ ოპერატორის მოვალეობას ასრულებდა. ჩვენ კოვიდ კლინიკა ვართ და ცხვირ-ხახის ნაცხის აღებაში ეხმარებოდა ლაბორანტებს. მოწადინებული იყო, რომ აცრილიყო. სამაგალითო თანამშრომელი იყო, დაკისრებულ მოვალეობას მშვიდად ასრულებდა, წყნარი ადამიანი იყო. კოვიდი გადატანილი არ ჰქონდა. მომხდარის შემდეგ იყო საუბრები, ხომ არ ჰქონდა ვირუსი. ჩვენ 7-14 დღეში ერთხელ ვიტესტებით, ამიტომ გამორიცხულია, რომ კოვიდი ჰქონდა და ჩვენ არ ვიცოდით“, – გვიყვება კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
წყარო: “პრაიმტაიმი”