„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. ამის შესახებ BMG-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
აქამდე სამუშაოების დასრულების პერიოდად 2024 წლის ზაფხულის ბოლო სახელდებოდა, შესაბამისად, კვლავ უცნობია როდის მიიღებს საბოლოო სახეს მეტროსადგური.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, შესაძლო გადავადება დამატებით კვლევებს და პროექტის განახლებას უკავშირდება.
„მეტროსადგურ “ვარკეთილში” არსებული ჭერის დემონტაჟის შემდეგ, რკინა-ბეტონის თაღის დეტალური სკანირება და კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჭერის შეცვლილი გეომეტრიისა და დამაგრების კვანძების პროექტი განახლდა. ვინაიდან საჭირო გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება და პროექტის განახლება, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ, შესაძლოა, გარკვეული ვადით გადაიწიოს“, – ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ჭერის მოპირკეთება შესაბამისი მასალების შეკვეთის და მიღების შემდეგ განახლდება.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჭერის მასალებისა და სამაგრი დეტალების საინჟინრო დამუშავება, რის შემდეგაც, მოხდება მათი შეკვეთა/მოწოდება და განახლდება ჭერის მოპირკეთების სამუშაოები. ამის პარალელურად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ბაქნის ქვედა ნაწილში“, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგურის დაკეტვის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დადგა.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი” მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პროცესის გაჭიანურებას კომპანიების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებითა და ტენდერში მონაწილეობაზე თავშეკავებით ხსნის.