დეკანოზი პეტრე კვარაცხელია [კოლხი] ფორმულასთან ინტერვიუში სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ისევ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის დასჯას ალტ-ინფოსთან და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ასოცირებული პირები ითხოვდნენ.
პეტრე კოლხის თქმით, ის ყველა სახელსა და გვარს დაასახელებს, ვინც საპატრიარქოსგან მის ეკლესიიდან განდევნას ითხოვდა. დეკანოზი ამბობს, რომ გაჩუმებას არ აპირებს და არც ეკლესიის დატოვებას გეგმავს.
“რატომ უნდა დავისაჯო მკაცრად?! მკაცრად დასასჯელები ვინ არიან – კარგად ვიცი. თუ არ იციან, სია მაქვს. მეუფე შიო და სხვა მღვდელმთავრებიც ძალიან შეწუხებულები არიან რიგი ადამიანების მისვლით საპატრიარქოში, რომ მამა პეტრე დასაჯეთ. ვინმე ბექა [ვარდოსანიძე], ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მუდმივად მოუწოდებდა საპატრიარქოს, რომ განიდევნოს პეტრე კოლხი ეკლესიიდან. საპატრიარქოში არ უვლია, მაგრამ როგორც ჩანს სადღაც სხვაგან ხდებოდა ეს შეხვედრები. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე შეხვედრა მას ფარულადაც ჩაეწერა.
გვარებსაც დავასახელებ და კონკრეტულ ფაქტებსაც მოვიყვან. ესენი არიან ალტ-ინფოსთან და მმკ-სთან [მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი] ასოცირებულები. არ მინდა დავიჯერო, რომ მოძალადე ჯგუფების უკან დგანან კონკრეტული ეპისკოპოსები… პრინციპულად არ წავალ ეკლესიიდან. ბევრი მიიჩნევს, რომ ბევრს ვხმაურობ და ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ჯერ საუბარი არ დამიწყია”, – თქვა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ.
“ეკლესია ყველასია. ეკლესია ვიღაცის შპს არ არის. სასულიერო პირებს არ უნდა ეშინოდეთ მღვდელმთავრების. ძალიან დიდი ფინანსური პრობლემებია, თუნდაც დისბალანსი და ქონებრივი უთანასწორობა. მექსიკის საზღვართან მღვდლები რომ დგანან, ლოცვა კურთხევით დგანან?! იმისთვის რომ გადავიდნენ ამერიკაში და ლუკმა პურის ფული გამოუგზავნონ ოჯახის წევრებს. სახელმწიფო არ მინდა საპატრიარქოს მხოლოდ იმიტომ ეხმარებოდეს, რომ არჩევნები მოიგოს. ეს ხდებოდა წინამორბედი ხელისუფლების პერიოდში, როცა ჯიპები ჩამოარიგეს საჩუქრად – სანტა კლაუსმა და ხდება ახლაც, იმიტომ რომ არჩევნებია წინ და არიქა მრევლს აკურთხებენ მღვდლები და ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს მოქმედი ხელისუფლება. წინასაარჩევნო კამპანია ცხადია უკვე დაწყებულია”- თქვა პეტრე კოლხმა