დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დაიწყო გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი.
ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოში დაახლოებით 300 ვაკანსიაა გერმანიიდან შესული, მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები აპრილის დასაწყისში უნდა გაემგზავრონ, დანარჩენი ვაკანსიები კი მაისში, მეტწილად კი ივნისში დასაქმებას გულისხმობს.
სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული ვაკანსია 3-თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს: მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სპეციალურ ვებგვერდზე 95 632 პირია რეგისტრირებული. კანდიდატთა უმრავლესობა დედაქალაქიდანაა, მეორე პოზიციას კი აჭარის რეგიონი იკავებს. სააგენტო აქცენტს პირველ ეტაპზე რეგიონებზე გააკეთებს, ვინაიდან რეგიონებში მცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სექტორში და ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ.
„რეგისტრირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ვაკანსიებისას, ამიტომ, ჩვენ შემდეგი პრინციპი ავიღეთ – შემოსული ვაკანსიები თანაბრად უნდა გადავანაწილოთ რეგიონებზე. სქემა აბსოლუტურად გამჭვირვალეა, გერმანულ მხარესთანაა შეთანხმებული – უშუალოდ გერმანული მხარეა პროცესში ჩართული,“ – განმარტავს ნინო ველთაური, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი.
ნინო ველთაური ამბობს, რომ ვინაიდან აჭარის მცხოვრებლებს, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში სეზონურად მუშაობის გამოცდილება აქვთ, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა, პირველ ეტაპზე მოქალაქეები აჭარის მუნიციპალიტეტებიდან შეარჩიეს:
„თითოეულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები დავყავით ასაკობრივ ჯგუფებად, დავაბალანსეთ სქესის მიხედვით, რათა თანაბარი რაოდენობა ყოფილიყო წარმოდგენილი. ასევე გავითვალისწინეთ გამოცდილება, გერმანული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და შემდეგ უკვე შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩიეთ დაახლოებით 450 კანდიდატი, რომლებსაც დავუგზავნეთ შეტყობინებები და აჭარის მუნიციპალიტეტებში ინდივიდუალურ გასაუბრებაზე სააპლიკაციო ფორმების შესავსებად დავიბარეთ. ამ პროცესში აქტიურად დაგვეხმარა აჭარის დასაქმების სააგენტო.
ინდივიდუალური კომუნიკაციისას გავაცანით კონკრეტული ვაკანსია, მისი პირობები, ანაზღაურება, ხარჯები და თანხმობის შემდეგ შევავსეთ აპლიკაციები“.
სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ივსება ორი დოკუმენტი – განაცხადის ფორმა კონკრეტულ ვაკანსიაზე და სოციალური დაზღვევის ფორმა. ორივე ფორმა გერმანული მხარის მიერ არის მოწოდებული და მათი შევსება სავალდებულოა, სოციალური დაზღვევის ფორმის საფუძველზე ახდენენ იდენტიფიცირებას, დასაქმებულს სოციალური დაზღვევის გადასახადი ეხება თუ არა.
ნინო ველთაურის ინფორმაციით, 25 ვაკანსიაზე 80 აპლიკანტი შეარჩიეს, შევსებული დოკუმენტები გერმანულ მხარეს გადაუგზავნეს და ამ დროისთვის სააგენტო მოლოდინის რეჟიმშია:
„დამსაქმებლებმა სახელობითად უნდა წარმოგვიდგინონ შერჩეული ადამიანების სია, თუ ვისთან გააფორმებენ შრომით ხელშეკრულებას“.
სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის შემდეგ, 9-10 მარტს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები:
„შეტყობინებები გაგზავნილია 450 აპლიკანტთან, რომლებიც იმავე პრინციპით შეირჩნენ. შემდეგ გვინდა გადავინაცვლოთ ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონი მოვიცვათ“.
ვაკანსიებს გერმანიიდან დასაქმების ხელშეწყობის ეროვნულ სააგენტოში კვლავ ელიან.
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეებიდან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 დასაქმდება.
გარდა ამისა, გერმანული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, რომ გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში 2021 წლის პირველი იანვრიდან მინიმალური ხელფასი განისაზღვრა – 9.50 ევროდ [სრული ჯამი; გადასახადების ჩათვლით], ხოლო ამავე წლის ივლისიდან იგი 9.60 ევრო გახდება.