2024 წელი, მოგეხსენებათ, ნაკიანი წელიწადია, ანუ თებერვალში 29 კალენდარული დღეა. ასეთ წელიწადს დაბადებული ადამიანები კი ყოველთვის ინტერესს იწვევდნენ. ბევრი ეზოთერიკოსის განცხადებით, თუ ბავშვი ნაკიან წელიწადში დაიბადებოდა, ეს მისი გვარისთვის ერთგვარი ღვთიური ნიშანი იყო – გვარი გაძლიერდებოდა და გამრავლდებოდა. ცხადია, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, მაგრამ ის მყარ საფუძველს მოკლებულია. ნაკიანი წელიწადის ღვთიურ ნიშანზე ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ასტროლოგები საუბრობდნენ.
ნაკიან წელიწადში დაბადებული ადამიანები ენერგიულები, ცნობისმოყვარენი, საკუთარ თავში დარწმუნებულნი და, რაც მთავარია, ძალიან აქტიურები არიან. ლიდერებად დაბადებულები, არც თუ უნიჭოდ ასრულებენ ამ როლს. პირად ცხოვრებაში მოსიყვარულე მშობლები არიან და შვილების წინაშე ერთგვარი სიამოვნებით იხდიან ვალს, მაგრამ მათი ლიდერობა ასეთ შემთხვევაშიც გამოკვეთილი უნდა იყოს. ამ პოზიციას ოჯახშიც არავის დაუთმობენ. ძლიერი, რკინისებური ხასიათი აქვთ. მათი წონასწორობიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია. შეუდარებელი სიმამაცე, სიუხვე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე ამ ადამიანების განსაკუთრებული მახასიათებელია. ისინი ბრწყინავენ, მათი სიკაშკაშე კი ძლიერებასა და სიკეთეზეა დაფუძნებული.
ბაბილონელი ასტროლოგები, აგრეთვე, მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ ნაკიან წელიწადში დაბადებულები არიან ის დედამიწელები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ გარშემომყოფთა ქმედებებზე, ფიქრებზე, ემოციებსა და თვით ცხოვრების წესზეც კი. მათ მართლაც რაღაც მომნუსხველი, მისტიკური ენერგია აქვთ და ამას ირგვლივ მყოფნი აშკარად გრძნობენ. მათი აზრით, ეს ღვთიური ნიჭია, რომელიც ნაკიან წელიწადში დაბადებულ ადამიანებს მზემ და კოსმოსმა უბოძა.
ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე, ძნელი არ არის იმის გააზრება, თუ რატომ ანიჭებდნენ ბაბილონელები დიდ მნიშვნელობას ნაკიან წელიწადში დაბადებულ ადამიანებს და რატომ ცდილობდნენ ისინი თავიანთ წრეში, მოგვთა ხარისხში ეკურთხებინათ. სახელმწიფოს მართვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგებს ხომ დიდი ადგილი ეკავათ.
რაც შეეხება დღევანდელობას, თუ რამდენად შეეფერება ბაბილონელი ქურუმებისა და ასტროლოგების შეხედულებები ნაკიან წელიწადში დაბადებული ადამიანების თვისებებს, გაიხსენეთ ნაკიან წელიწადში დაბადებული თქვენი ახლობლები, მეგობრები თუ ნაცნობები და თავადვე შეაფასეთ, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ყოველივე ზემოთქმული.