რამ გამოიწვია ნერგეეთში სტიქია? – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი დასკვნას აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებული იყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. ირკვევა, რომ პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში, მათზე აკუმულირებული მასალის საშუალო სიმძლავრე 3.5 მეტრს შეადგენს, დინამიკაში მოსული მეწყრული მასის სავარაუდო მოცულობა კი – 150 000-160 000 მ3 -ია.
დოკუმენტის მიხედვით, გააქტიურებული მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფ. ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს მეწყრული პროცესები განვითარდა, შეფასებული არ ყოფილა.
“სოფ. დიმის მეტეოსადგურის მონაცემებით, 5-6-7 თებერვლის პერიოდში მოსული ატმოსფერული ნალექების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 81 მმ. დიმის მეტეოსადგურისთვის თებერვლის თვის ნალექების დადგენილ ნორმად ითვლება 176 მმ. შესაბამისად, 3 დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოვლენების გააქტიურებას. ამას ემატება ბოლო პერიოდში ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობის პროცესი“, – წერია საინჟინრო-გეოდინამიკურ ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, გააქტიურებული მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარია.
შეგახსენებთ, მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მეწყერის ქვეშ მოყოლილი სახლების გარდა, მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. „მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით“, – წერია დოკუმენტში.