“რუსეთი არის მართლმადიდებლობის მტერი, ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე რომ დამწვან, ამას ყოველთვის ვიტყვი” – ამის შესახებ დეკანოზმა პეტრე კოლხმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, რომელსაც არ დავასახელებ, უნდა გამოცხადებულიყო წმინდა სინოდში. მან მოიმიზეზა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ გამოცხადდა. ამის გამო მას სინოდალური კომისიის მომდევნო სხდომამდე შეუჩერდა მღვდელმოქმედება… შემდეგ გამოდგნენ ე.წ. მორწმუნეები, ე.წ. მართლმადიდებლობის დამცველები, ფანატიკოსები და პირდაპირ მოითხოვეს საპატრიარქოს წინაშე: თუკი ეს ადამიანი დროებით განაყენეთ მღვდელმსახურებისაგან, პეტრე კოლხი რომ გყავთ ეკლესიაში და ამდენს ლაპარაკობს, იმას რატომ არ აჩუმებთო.
ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე ძალიან ბევრი უსამართლო, მუქარით სავსე წერილები და გამოსვლები იყო წლების განმავლობაში. ძალიან აგრესიული გახდა რადიკალური ფრთა. [ალტ-ინფოა] დიახ, ისინი მემუქრებიან: ასე დაგემართება, ისე დაგემართება, აგერ ნახავთ, რა მოგივა. ეს პირდაპირ კავშირშია [სინოდალური კომისიის მოთხოვნასთან], რადგან საპატრიარქოს ისინი აიძულებდნენ, ის სასულიერო პირი თუ დაიბარე, ესეც დაიბარე. მე არც ალტ-ინფოელების დასჯას არ ვითხოვ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ილოცონ მუხლზე დამხობილებმა, მამა პეტრეს არ მოუნდეს ეკლესიიდან წასვლა, ყველას მივცემ პასუხისგებაში იმიტომ, რომ მე ხელში მიჭირავს დოკუმენტები, მუქარით სავსე წერილები: “გაგანადგურებ, მიწასთან გაგასწორებ, იქ დაგხვდები, აქ დაგხვდები.
მე ყოველთვის ვაფიქსირებ აზრს, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლობის მტერი. ამის თქმის არ მეშინია, მე ამას ყოველთვის ვიტყვი ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე რომ დამწვან. წლების მანძილზე, საუკუნეების მანძილზე ყველაზე მეტად ვინც დაგვაზარალა, იყო რუსეთი… კატეგორიულად არ მომწონს და ვაფიქსირებ ჩემს აზრს, წმინდანის ხატზე ტირანი რომ იყო გამოსახული. არ მომწონს და ხომ მაქვს უფლება დავაფიქსირო პოზიცია? 21-ე საუკუნეში, 2024 წელი დადგა და თურმე ისეა გამოსახული სტალინი მატრონა მოსკოველის ხატზე, როგორც წმინდა გიორგის ხატზე გველეშაპი. ეს ხომ მტკნარი სიცრუეა?!
თუ ჩემთვის მღვდლობა იქნება სიმართლეზე თვალის დახუჭვა, გაჩუმება, დადუმება, დამონება, მაშინ მე არ მინდა ასეთი მღვდლობა. თუ ჩემთვის სამართლიანობა იქნება სასჯელი, მირჩევნია, სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე მონობაში დავრჩე” – აღნიშნა მან.