“როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს და პატივს დაგდებს და სახელმწიფოს მტრად გამოგაცხადებს, არ არის პატარა საქმე,”– ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას,რომლის მიხედვითაც რუსეთმა მასზე ძებნა გამოაცხადა.
“სიმართლე გითხრათ, უხასიათოდ ვიყავი, ადრე იტყოდნენ, უქეიფოდ გახლდით და ეგ ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი. როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს და პატივს დაგდებს და სახელმწიფოს მტრად გამოგაცხადებს, არ არის პატარა საქმე, ძალიანაც გამიხარდა და ხასიათზე მომიყვანა. თან რომ ჩავხედე იმ ჩამონათვალს, პირველ ადგილზე ვართ ქართველები, ყველაზე მეტს ჩვენ გვეძებენ რუსები. ძირითადად საუბარია მათზე, ვინც უკრაინაშია, ან ვინც უკრაინაში იყო. მადლობა რუსეთს ჩემი აღიარებისთვის”, – ამბობს ელისაშვილი.
“მედიაზონა” აქვეყნებს იმ პირების სიას, რომლებზეც რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნული სიის ბმული ამ დროისთვის, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით, ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა ცნობილია, რომ ძებნილთა სიაში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეყვანილი ჰყავს საქართველოს მოქალაქეებიც.
მათ შორის არიან უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” წევრები, ასევე დავით ქაცარავა და ალეკო ელისაშვილი.