ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
“ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი).
საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.” ნათქვამია განცხადებაში.
საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე 7 საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. დალუქულია დოკუმენტაცია. ადგილზე იმყოფება ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე.
გამოძიების დაწყება კი გასული წლის მაისში, ავტორ-შემსრულებლების განცხადებას უკავშირდება, რომლითაც ისინი ფინანსურ უწყებას მოუწოდებდნენ, დაინტერესებულიყო ასოციაციის საქმიანობით.