“მევახშეობის შეზღუდვა საერთოდ არ მგონია თავისუფალი ბაზრის პრინციპების საწინააღმდეგო, პირიქით, საკუთრების დაცვის და მისი თავისუფლად განკარგვის ღონისძიებად უფრო მივიჩნევ”- ასე ეხმიანება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას.
“კეკელიძეზე დღევანდელი გამოსახლების კონტექსტსში, ზოგადად ამ საკითხზე დავწერ ჩემს აზრს:
სახელმწიფოს მიერ ამ ტიპის ურთიერთობის რეგლამენტაცია სრულიად დასაშვები, მეტიც, სასურველია. მევახშეობის (და ეს დაკაბალება ნამდვილად მევახშეობა მგონია) შეზღუდვა საერთოდ არ მგონია თავისუფალი ბაზრის პრინციპების საწინააღმდეგო, პირიქით, საკუთრების დაცვის და მისი თავისუფლად განკარგვის ღონისძიებად უფრო მივიჩნევ. ღარიბ ქვეყანაში, უკიდურესი საჭიროების მდგომარეობაში, ადამიანი ფულს ასტრონომიულ პროცენტში და დრაკონული პირობებით რომ სესხულობს, ამ ვითარებაში მისი ფინანსური მოწყვლადობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ნების გამოვლენის ადეკვატურობა a priori პრობლემატურია.
„ტვ პირველის“ ცნობით, იპოთეკარი, რომლის გამოც, ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს, დარეჯან დვალია.
მარინა ხატიაშვილი თავისი ოჯახის გამოსახლებას კორუფციულ გარიგებას უკავშირებს. მისი თქმით, „მევახშეს სახელმწიფო იცავს“.