თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული მარინა ხატიაშვილი მედიასთან გამოსახლებასთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.
მისი თქმით, მევახშეებს სახელმწიფო იცავს.
„გუშინდელი შემოთავაზებაც იყო თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაც, იმიტომ, რომ 10 საათით ადრე ასეთი მოლაპარაკება, რომელიც 5 წლის მანძილზე არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, არ გამოდის. სამევახშეო სისტემის დაცვაზეა აწყობილი სახელმწიფო ყველა ეტაპზე, სასამართლოზე იქნება ეს თუ სხვა ძალოვანი უწყებები.
მევახშე დარეჯან დვალმა ჩაიგდო ეს ბინა ხელში, ოღონდ ამ მევახშე დარეჯან დვალთან ჩართულები არიან, მთელი სქემაა და არაერთი ადამიანია ჩართული – გიორგი სუხიტაშვილი, მისი ე.წ. წარმომადგენელი, სუხიტაშვილის დედა, მზია სალუქვაშვილი, რომელიც არის კერძო აღმასრულებელი და რომელიც წლები მუშაობდა სასამართლოში, წლები იყო სხვადასხვა მოსამართლის თანაშემწე და ფესვები აქვს გადგმული, სასამართლო სისტემა ემსახურება მევახშეებს. ჩვენს საქმეზე მოსამართლე იყო თინა ვაშაყმაძე, რომელიც შედის გარიგებებში მევახშეებთან და ალბათ, არა მხოლოდ მევახშეებთან.
ჩემთან ჩატარდა პოლიციური გამოსახლება, რომელიც 2015 წელს აიკრძალა, დღეს ჩატარდა ჩემთან სიმბიოზი გამოსახლება – პოლიცია და აღსრულება ერთად. პოლიციამაც დაგვარბია – წამაქცია, შეწყევა მაქვს, კეფა მაქვს დარტყმული, გონება დავკარგე, სასწრაფოში გავახილე თვალი, რაღაც მონაკვეთი ამოვარდნილი მაქვს გონებიდან, რა მოხდა არ მახსოვს,“ – თქვა მარინა ხატიაშვილმა.