46 წლის გიზო წ-ძე საყვარლის მკვლელობისთვის, მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მკვლელობის თვითმხილველმა მისცა, რომლის არსებობის შესახებაც დამნაშავეს წარმოდგენა არ ჰქონდა. იქამდე მან მძიმე დანაშაულში დაადანაშაულა საკუთარი მეუღლე, რის გამოც, ქალი ორი თვის განმავლობაში გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
მკვლელობა მარინე მ-შვილის კუთვნილ ბინაში მოხდა, სადაც 38 წლის ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. გამოძიების მასალებით, მარინე მ-შვილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახლდათ, გარდაცვალებამდე კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგულარული ურთიერთობა ჰქონდა გიზო წ-ძესთან, რომელიც „მარშრუტკის” მძღოლად მუშაობდა.
ერთხანს მამაკაცმა საკუთარი ოჯახი – ცოლი და ორი შვილიც კი მიატოვა და საცხოვრებლად მარინე მ-შვილთან გადავიდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო კონფლიქტი მამაკაცის მეუღლესა და გარდაცვლილს შორის. გიზო წ-ძის მეუღლე, 46 წლის მანონ წ-ძე, რამდენჯერმე მიუვარდა სახლში ქმრის საყვარელს და მისი სახლიდან გაგდება მოსთხოვა. ასე იყო თუ ისე, რამდენიმე თვე მამაკაცი ორ ქალსა და ორ ოჯახს შორის „ცხოვრობდა”. თუმცა, მეუღლისა და შვილების დაჟინებული თხოვნით, მან მარინე მ-შვილის ბინა დატოვა. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მალულად მაინც აგრძელებდა ურთიერთობას ქალთან, რომელიც საბოლოოდ, მისი მსხვერპლი გახდა.
როგორც საქმის მასალებით გაირკვა, მკვლელობის დღეს მთვრალი გიზო წ-ძე საყვარელ ქალს ესტუმრა.
რამდენიმე საათის შემდეგ კი, მის კვალს მეუღლეც მიჰყვა – მანონ წ-ძე ქმარს საყვარელთან დაადგა თავზე, რასაც ქალებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ სამართალდამცველებსა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელებს ბინაში დანით გულ-მკერდის არეში დაჭრილი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მარინე მ-შვილი დახვდათ, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვეღარ შეძლეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და გარდაცვლილის მეზობლების დაკითხვის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის დროს გარდაცვლილის ბინაში იმყოფებოდა გიზო წ-ძე. შესაბამისად, ინციდენტის დეტალები მხოლოდ გარდაცვლილის მეგობარი მამაკაცისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომელსაც მძიმედ დაჭრილი ქალი ბინაში მცირეწლოვანი შვილის ამარა მიეტოვებინა. გიზო წ-ძის დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალს მძიმე, სასიკვდილო დაზიანება მისმა მეუღლემ, მანონ წ-ძემ მიაყენა.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან:
„მარინასთან მთვრალი მივედი, სახლში ის და მისი შვილი იყვნენ. ჩვენ აივანზე ვიყავით და ცოტა ხანში იქვე ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენი ხნის შემდეგ იყო ეს, მაგრამ ქალების წივილ-კივილმა გამაღვიძა. ხმაური ეზოდან ისმოდა, იქით წავედი. დავინახე ჩემი მეუღლე, რომელსაც ხელში სისხლიანი დანა ეჭირა და მარინა, რომელიც ძირს ეგდო. სანამ გამოვფხიზლდი, გონზე მოვედი, მანონიმ იქაურობა დატოვა და გაიქცა. მე ორ მეზობელს დავუძახე და სასწრაფოს გამოძახება ვთხოვე. მე თვითონ შემთხვევის ადგილი მივატოვე, რადგან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი”.
მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავდა. გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილი მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა, თუმცა ის თავის ოთახში, თამაშით იყო გართული და მოწმედ არ გამოდგებოდა. გიზო წ-ძის ჩვენების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი მეუღლეც დაკითხეს, რომელსაც სახის არეში ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ის ქმრის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებდა. უფრო მეტიც, ამბობდა, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, ქალი მისმა მეუღლემ მოკლა. მანონ წ-ძის ჩვენების მიხედვით, ის ქმრის საყვარლის ბინაში ძალიან აღელვებული მივიდა, თუმცა ქალის მოკვლაზე არც უფიქრია. მისი განცხადებით, დანა მხოლოდ ქალის შესაშინებლად წაიღო სახლიდან. მას შემდეგ, რაც მას და მარინე მ-შვილს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, ჩხუბში მთვრალი გიზო წ-ძე ჩაერია, რომელმაც საყვარელს დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა. გამოძიებამ მანონ წ-ძის ბინიდან ამოიღო მისი ტანსაცმელი, რომელიც გარდაცვლილის სისხლით იყო მოსვრილი. მასთან ერთად
აღმოჩნდა ნივთმტკიცება – დანაშაულის იარაღი, დანა, რომელზეც გიზო წ-ძისა და მანონ წ-ძის ანაბეჭდები იყო შერჩენილი. ქალი არ მალავდა, რომ დანა მას ეკუთვნოდა. მამაკაცმა კი, მასზე საკუთარი ანაბეჭდები იმ მოტივით ახსნა, მკვლელობის დროს აღელვებულმა დანა ავიღე და შორს მოვისროლეო. როგორც მან თქვა, მანონ წ-ძე მარინე მ-შვილს მოკვლით ადრეც ხშირად ემუქრებოდა. იგივე დადასტურდა იმ მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც დანაშაულში ეჭვმიტანილ მანონ წ-ძეს ახლოს იცნობდნენ. მათი განცხადებით, ქალს აფექტური ხასიათი ჰქონდა, მით უფრო არაპროგნოზირებადი გახდა მას შემდეგ, რაც ქმრისა და მარინე მ-შვილის ურთიერთობის ამბავი შეიტყო.
საქმის მასალების მიხედვით, ის ერთხელ ქალს ქუჩაშიც ჩაუსაფრდა და თავში ქვა ჩაარტყა. დაზარალებული პოლიციაში საჩივრის შეტანას აპირებდა, რაც მხოლოდ გიზო წ-ძის თხოვნის შემდეგ გადაიფიქრა.
სამართალდამცველებმა მანონ წ-ძე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულში ბრალს არ აღიარებდა. თუმცა მკვლელობა რომ სწორედ მისი ჩადენილი იყო, კატეგორიულად ამტკიცებდა მისი მგლოვიარე მეუღლე.
გამოძიების მსვლელობა აბსოლუტურად შეცვალა უცნობმა მოწმემ, რომელიც პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. მან განაცხადა. რომ დაინახა, როგორ დაარტყა დანა ქალს მამაკაცმა, რომელიც ორივე მათგანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ინციდენტის უნებლიე მოწმე აღმოჩნდა ხელოსანი, რომელიც მარინე მ-შვილის მეზობლის ბინაში მუშაობდა.
ამონაწერი მისი ჩვენებიდან:
„ორი კვირა ვიმუშავე მარინე მ-შვილის მეზობლის კუთვნილ ბინაში. ამ დროს გავიცანი ეს ქალი და მისი მეგობარი მამაკაციც, რომელიც ხშირად მოდიოდა სტუმრად. იმ დღეს მარინეს ეზოდან უცნაური ხმები მომესმა. ყურადღებას არც მივაქცევდი, მაგრამ გავიგონე, რომ ჩემთვის უცნობი ქალი მარინეს და გიზოს საშინლად ლანძღავდა. სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. მესერში ფიცრები აკლდა, იქიდან გავიხედე და დავინახე, რომ უცნობ ქალს ხელში დანა ეჭირა და ხან გიზოს, ხან კი მარინესკენ იქნევდას. გიზოს ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო. დავინახე, როგორ წაართვა დანა ქალს და სახეში მუშტი ჩაარტყა. დანა უკვე მამაკაცს ეჭირა ხელში, როცა ზურგიდან მარინე დაესხა თავს და ცემა დაუწყო. გიზომ ორჯერ მოუქნია დანა ქალს პირდაპირ გულის არეში“.
საქმის მასალების მიხედვით, მოწმე ზაურ კ-იამ მეზობლის ბინა, სადაც მუშად მუშაობდა, მკვლელობის მეორე დღესვე დატოვა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბინის მეპატრონისგან შეიტყო, რომ მკვლელობა უდანაშაულო ქალს დაბრალდა, პოლიციაში გამოცხადდა და მომხდარის დეტალებზე, რაც დამნაშავე მამაკაცმა გამოძიებასთან დამალა, აცნობა.
სამართალდამცველებს. ამის შემდეგ გამოძიებამ კვლავ დაკითხა გიზო წ-ძე. ამჯერად მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
დაკავებულმა, მოგვიანებით, აღიარა კიდეც ჩადენილი დანაშაული და განაცხადა: რომ ქალი მთვრალმა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა. ამ ქალებმა ისე დამღალეს, ორივეს თავიდან მოშორება მინდოდაო, აღიარა გიზო წ-ძემ. გარდაცვლილის ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობა ცოლ-ქმარმა განზრახ, შეთანხმებულად ჩაიდინა და მანონ წ-ძის დასჯასაც მოითხოვდნენ. მაგრამ, ეს არ დადასტურდა გამოძიების მიერ.
საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, პროკურატურამ წაყენებული ბრალდება დადასტურებულად ცნო და გიზო წ-ძისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და განსასჯელს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
წყარო: “დაიჯესტი”