საგანგაშო შეტყობინება – 1999 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ეწვია რომის პაპი იოანე-პავლე მეორე. თბილისის აეროპორტში პონტიპიკოსს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დახვდნენ. მიღებული იყო უსაფრთხოების საგანგებო ზომები. რომის პაპს ქართული მხარე განსაკუთრებულად იცავდა და ასეთი ბრძანება პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გასცა.
მობილიზებული იყვნენ მთელი ქართული უშიშროება და პოლიცია, აგრეთვე, სამხედროები. საქმე კი ის იყო, რომ წინა დღით, ანუ 7 ნოემბერს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავისი პირადი აგენტისგან, გოჩა ჯანიაშვილისგან მიიღო საგანგებო შეტყობინება, რომ იოანე-პავლე მეორეზე თბილისში თავდასხმა იგეგმებოდა.
გოჩა ჯანიაშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის პირად კარტოთეკაში „ყბედის“ ფსევდონიმით ირიცხებოდა და პრეზიდენტის გარდა მისი არსებობის შესახებ არავინ უწყოდა. საქმე ის იყო, რომ „ყბედი “ რუსეთის „გრუში“ საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა და შევარდნაძეზე ის ჯერ კიდევ 1982 წლიდან, კომუნისტების დროიდან მუშაობდა.
„გრუში“ ჯანიაშვილი პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა და ისე ღრმად იყო კონსპირირებული, რომ ვერ შიფრავდნენ. სხვათა შორის, იმავე 1999 წლის 9 თებერვალს ედუარდ შევარდნაძეზე მოსალოდნელი თავდასხმის ამბავი პრეზიდენტს, სწორედ, გოჩა ჯანიაშვილმა აცნობა. ამის წყალობით გადარჩა შევარდნაძე და შესაძლებელი გახდა იმ სპექტაკლის დადგმა, რაც საზოგადოებას პრეზიდენტის სასწაულებრივ გადარჩენაზე მოუთხრობდა. ორთაჭალაში აფეთქებულ „მერსედესში“ შევარდნაძე იჯდა. დანარჩენი კი აბსოლუტური სიმართლეა და რუსები გაოგნებულები იყვნენ წარუმატებელი ტერაქტით, თუმცა აზრადაც კი არ გაუვლიათ, რომ შევარდნაძეს ინფორმაცია „გრუდან“ მიაწოდეს და ყველაფერი „მუხადან“ წარუმატებელ გასროლასა და „მერსედესის“ საიმედოობას მიაწერეს…
7 ნოემბრის შეტყობინებაში „ყბედი“ წერდა: „მხოლოდ იმის გაგება მოვახერხე, რომ რომის პაპის ლიკვიდაცია დავალებული აქვს აგენტს, ფსევდონომით – „ჭკუის კოლოფი“. დანარჩენი კი – მისი ნამდვილი ვინაობა, სქესი, შესრულებას ადგილი და საშუალება – უცნობია.
ოპერაცია უაღრესად გასაიდუმლოებულია და დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ გააუქმოთ ეს ვიზიტი. უკიდურეს შემთხვევაში კი, რომის პაპი მოარიდოთ მასას, ხოლო მასთან შეხვედრაზე მიწვეულები კი ათასგზის შეამოწმოთ. „ყბედი“. სწორედ ამ ტექსტმა განაპირობა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და იოანე-პავლე მეორემ აეროპორტიდან კრწანისის რეზიდენციამდე მშვიდობიანად მიაღწია.
ტოტალური უსაფრთხოება
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ედუარდ შევარდნაძეს საყოველთაოდ ცნობილი უშიშროების სამსახურის პარალელურად, პირადი უშიშროების ჯგუფიც ჰყოლია და ის ძალიან ღრმად იყო კონსპირირებული. სწორედ მას დაავალა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ერთი მხრივ, რომის პაპის აბსოლუტური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეორე მხრივ, კი აგენტ „ჭკუის კოლოფის“ გაშიფვრა და დაპატიმრება. საგულისხმო ფაქტია, რომ რომის პაპის თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს დედაქალაქში გაიზარდა ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევები და ეს არც იყო გასაკვირი. საქმე კი ის იყო, რომ მთელი ძალოვანი სტრუქტურები სტუმრად მყოფი პონტიპიკოსის დაცვაზე იყვნენ მობილიზებულები და სხვა საქმისთვის არ ეცალათ, რადგან ამის რესურსი არ არსებობდა… პრეზიდენტ შევარდნაძის მითითება კი აბსოლუტური სიზუსტით სრულდებოდა.
იოანე-პავლე მეორის უსაფრთხოება არნახულად იყო უზრუნველყოფილი, ხოლო პრეზიდენტის ერთგული პირადი უსაფრთხოების სამსახური კი მუხლჩაუხრელად მუშაობდა და „ჭკუის კოლოფს“ ეძებდა. განხორციელდა ტიტანური სამუშაო. არქივებსა და სხვა წყაროებში შემოწმდა უამრავი ადამიანი, მაგრამ „ჭკუის კოლოფთან“ მიახლოებაც კი არ მოხერხდა. აშკარა იყო, რომ „გრუს“ მიერ დაგეგმილი ლიკვიდაციის ოპერაცია იდეალურად იყო შედგენილი და ამ უწყებას („გრუს“) თავისი არსებობის განმავლობაში ჩავარდნები, ფაქტობრივად, არ ჰქონია. 8 ნოემბრის საღამოს ედუარდ შევარდნაძეს მოახსენეს, რომ „ჭკუის კოლოფის“ გაშიფვრა არ ხერხდებოდა და პრეზიდენტმა კატეგორიული ბრძანება გასცა:
– რომის პაპის ყველა გადაადგილებას კარგად გამოწვრთნილი მეავტომატეები უნდა ესწრებოდნენ და მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი სასიკვდილო ცეცხლი გახსნან. აგრეთვე, ბაქტერიოლოგიურ-რადიაციულად შემოწმდეს ყველა მარშრუტი 1 500 მეტრის რადიუსში. მობილიზებული იქნენ გამნაღმველები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები.
და, მართლაც, პონტიპიკოსის გადაადგილების ყველა მარშრუტზე უსაფრთხოება სრულად იყო დაცული და მოგვიანებით, როცა ეს ანგარიში შეერთებული შტატების პრეზიდენტის საიდუმლო სამსახურს გააცნეს, დონ ბრაუნმა (ერთ-ერთი მაღალჩინოსანი) ხელები ასწია და თქვა: ასეთი სისტემით, ასე უსაფრთხოდ არცერთი ამერიკელი პრეზიდენტი არ დაუცვიათო.
მიუხედავად ასეთი უპრეცედენტო უსაფრთხების ზონებისა, პრეზიდენტი შევარდნაძე მაინც ძალიან ღელავადა და სანამ იოანე-პავლე მეორე თბილისში იყო, თვალი არ მოუხუჭავს.
მიმალულები
1999 წლის 9 ნოემბერს, ანუ პოტიპიკოსის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს რომის პაპი კრწანისის რეზიდენციაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს ხვდებოდა. შემდეგ კი სვეტიცხოველი უნდა მოენახულებინა და (ეს ასეც მოხდა) ერთობლივი ორმხრივი განცხადებების გაკეთების მერე პონტიპიკოსის ვიზიტი სრულდებოდა… ამ ღონისძიებამდე სულ რაღაც ერთი საათით ადრე, „ყბედმა“ თბილისში შევარდნაძეს მორიგი შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „გაცნობებთ, რომ „ჭკუის კოლოფი“, რუსეთის „გრუს“ აგენტი ინდირა დარჯანიაა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერ-თანამშრომლის პოსტს იკავებს და რომის პაპის ლიკვიდაციის მექანიზმი სწორედ მან შეიმუშავა.“
შევარდნაძის უსაფრთხოების სამსახურმა ინდირა დარჯანიას დაკავება ვერ მოახერხა, რადგან ის არც პონტიპიკოსთან მივიდა შეხვედრაზე (თუმცა მიწვეული იყო) და არც სახლში აღმოჩნდა. სამაგიეროდ, დააკავეს, შემდგომ კი დააპატიმრეს ციცინო გორდელაძე, მეტსახელად „მათემატიჩკა“, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა და რომის პაპი მომწამვლელი აირით უნდა გაენადგურებინა, რომელიც პომადის ფლაკონში იყო განთავსებული და ეს მიმართული მოქმედებით უნდა განეხორციელებინა.
იოანე-პავლე მეორის ვიზიტმა თბილისში მშვიდობიანად ჩაიარა. პონტიპიკოსი ვატიკანში უვნებელი დაბრუნდა. „გრუს“ ტერაქტი ჩაფლავდა. „მათემატიჩკა“ ციხეში გარდაიცვალა.
გოჩა ჯანიაშვილი და ინდირა დარჯანია კი გაუჩინარდნენ.
წყარო: “დაიჯესტი”