ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ახალ, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ის „ქართულ ოცნებას“ ეხება.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება აბსოლუტური გარყვნის ეტაპზეა.
ამ ხალხმა დიდი ფული იშოვა. კორუფციაა ის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რაზეც ივანიშვილი დგას. ამასთან, ქვეყანაში ფულის კონტროლი მისი მთავარი საზრუნავია – უყურებს ვინ რამდენს აგროვებს. პარალელურად ამზადებს და ამზადებს სისხლის სამართლის პოტენციურ საქმეებს. თუ ვინმე კორუმპირებული გაუხტა და პრობლემა შეუქმნა, დასჯის.
როცა ოპოზიციიდან საფრთხე სუსტია, ხელისუფლება შიდა გამოწვევებზე გადაერთვება ხოლმე. ფულისა და გავლენების გაფართოების სურვილის გამო შიგნით ერთმანეთს მოსისხლე მტრებად აღიქვამენ და ბიძინას კარზე ერთმანეთის განადგურებისთვის იბრძვიან.
,,ქართული ოცნება” კორუფციის ჭაობშია. ნაშოვნია დიდი ფული. ახლა იმ ეტაპზე არიან, რომ ამ ფულის თავისუფლად ხარჯვა უნდათ. ვეღარ მალავენ – ფული არის და დამალვა არც უნდათ და არც შეუძლია.
წამოიდგინეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც კორუფციით მილიონები შესდით, ოჯახები ფუფუნებას შეეჩვივნენ, ცოლები/ქმრები/შვილები გარანტიებს ითხოვენ – ამ ყველაფრის დაკარგვა არ სურთ, ყველაფერზე წავლენ ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ასევე მოქმედების სრული თავისუფლება სურთ.
ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სოციალური სტრუქტურა ასეთია – ზედა ფენები კოლოსალურ თანხებს შოულობენ, საშუალო გაქანების ქოცებიც დიდ ფულს ღუნავენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოცნების მხარდამჭერი ქვედა ფენებიც თანახმა არიან, ცოტა მაგრამ გარანტირებულად მიიღოს ბიძინასგან.
არის საშუალება და რატომაც არ უნდა გაგზავნოს ოჯახი საზღვარგარეთ სამთავრობო ბორტით ?! რად უნდა უძვირესი საათები, თუ ხალხს არ აჩვენა ?! რად უნდა ფული, თუ ტყე არ აჩუქოს ოჯახის წევრს ან რესტორნები არ დახუროს; სხვებიც როგორ თამამად აცხადებენ პრევენციის მიზნით და ალიბს იქმნის, წარსულში ნაშოვნი ფულით დამყავს ოჯახი უცხოეთში სახელმწიფო თვითმფრინავითო; ვიღაც ბასლაინზე დასეირნობს კაბრიოლეტით; კორონავირუსის დროს ოჯახის წევრებს ,,ნარუშილოვკებს” ურიგებენ; როცა ხალხი შინ გამოკეტეს, თავად თავზე იმხობენ და ქეიფობენ; წვეულებებს აწყობენ სხვადასხვა ქვეყანაში; ძვირადღირებულად იცვამენ და ზედა აქვთ ასხმული მილიონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის მოთოკვა შეუძლებელია, სულ უფრო ღრმად ეშვებიან და უკვე ჭაობის ფსკერი ჩახვრიტეს.
ფუფუნებაში ჩაფლულებს თავზე საყრელად აქვთ სკანდალები, რაც ასევე უკონტროლო ფუფუნებიდან მომდინარეობს. მაღალი თანამდებობის პირები ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. მერე ერთმანეთს უვრცელებენ ჭორსა და მართალს.
ამ ხალხს განსაკუთრებით სძულს მედია. როგორია, მდიდრულ ცხოვრებას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყვე, ვიღაც იკვლევს. ეს დისკომფორტია მათთვის, მათ გარშემომყოფთათვის. ერთი სული აქვთ, მედია მოისპოს, რადგან კარგად იციან, მომავალში გარდაუვალი სასჯელი ემუქრებათ. ამიტომაა დგანან და ილანძღებიან მიკროფონებთან. იციან, თავად ჭედავენ თავიანთ განაჩენებს. გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ მარადიულად იყვნენ ხელისუფლებაში. ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ ბიძინას შემდეგ რამე შერჩებათ.
ბიძინა რომ ჩამოვარდეს, მეორე დღესვე წიხლს მოაყოლებენ, ოღონდ ფული შეინარჩუნონ, მაგრამ რადგან გარანტიები არ არსებობს სამომავლოდ, ბიძინას დასარჩენად იბრძოლებენ, მაგრამ ბიძინამაც უნდა უზრუნველყოს მათი ქონების უსაფრთხოება.
ესაა ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური და ფინანსური კორუფციული სტრუქტურა – მათ ბიძინა უნდა დაიცვან, ბიძინამ კი მათი ფული. ასე რომ, საჩვენებლად ვიღაცის დასჯა, თუ ასეთი რამ საერთოდ მოხდა, არაფერს ნიშნავს, რადგან თავად ეს სტრუქტურა არ შეიცვლება. ივანიშვილია ამ რუსული მოდელის ავტორი“, – წერს ის.