გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ აკაკი წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა.
როგორც მერიაში განმარტავენ, წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, უახლოეს პერიოდში მოხდება შემსრულებელი კომპანიის შერჩევა.
„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.
ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
მათივე თქმით, „შპს „პარმა“ ნამდვილად მონაწილეობს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, კერძოდ, ახორციელებს ტროტუარების მოწყობის სამუშაოს, არა გუშინდელი დღიდან, არამედ გასული წლის დეკემბრის თვიდან.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა შპს „პარმასთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 16 ნოემბერს გააფორმა.
