პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ რომ გმობდით ნატა ფერაძეს, ეს რა ჩაიდინაო (პარტია-პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ახლა ალბათ ქებას დაუწყებთ, სტალინის ხატის გატანა თუ “გადახატვა” რომ მოსთხოვა საპატრიარქომ მის “ავტორებს” ანუ “პატრიოტთა ალიანსს”.
რამდენი იფარისევლა ოპოზიციამ, ანთო ორმეტრიანი სანთლები და ემთხვია ხელებზე პატივცემულ მღვდლებს, მაგრამ საარჩევნოდ მაინც ვერ მოიგო მათი გული. ვერც მოიგებენ. გულის მოგებას სჭირდება ფული, რაც ოპოზიციას არა აქვს.
ოპოზიციური პარტიების( გარდა ერთი-ორი გამონაკლისისა) დამოკიდებულება ნატა ფერაძის მოქმედებასთან დაკავშირებით იყო სამარცხცინო.
აქვე შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ პოსტებითა თუ კომენტარებით, არამედ ოფიციალურად, პარლამენტის დროშებიანი ტრიბუნის ფონზე მხარდაჭერა გამოვუთქვი ნატა ფერაძეს და მოვიწონე მისი საქციელი. მედიას მგონი დიდად არც შეუწუხებია თავი ამის გაშუქებით“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
