“სტალინი ხატზე უნდა გამოსახოს იმ მომენტში, როცა ანგრევდა ტაძრებს, კლავდა უდანაშაულო ადამიანებს, ციმბირში სულს ხდიდა ხალხს და ა.შ.“ – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ამბობენ, ხატებზე ხანდახან ბოროტი ადამიანების გამოსახვაც შეიძლებაო. კი, ბატონო, ასეა. მაგრამ, ისინი ზუსტად ისე არიან გამოსახულნი, რასაც სიცოცხლეში სჩადიოდნენ და რა დანაშაულიც მიუძღვით ღმერთის და წმინდანთა წინაშე. ნახეთ ხატები, სადაც მაგ. მეფე ჰეროდეა გამოსახული ბრძანებას რომ აძლევს მის ჯარისკაცებს ქრისტეს მოსაკლავად. არავის შეეპარება ეჭვი, რომ ბოროტ ადამიანებს ხედავს ამ ხატზე. ასევე იოანე ნათლიმცემლის მკვლელების მიმართ, შეუძლებელია არათუ დადებითი, ნეიტრალური განწყობაც კი. წმინდა გიორგის შუბს განგმირული და მიწაზე ჰყავს განრთხმული და დამარცხებული ურჯულო იმპერატორი დიოკლეტიანე. აქაც ყველაფერი ნათელია. ასევე მოწამეთა ჯალათებიც იმ ბოროტებაში არიან წარმოდგენილნი, რაც ჩაიდინეს. რა განსხვავებაა ამათ და წმ. მატრონასა და სტალინის ხატს შორის? სტალინი როგორც დამჯერი მოსწავლე, თავაწეული, ამაყად გამოდის საუბრიდან და თითქოს გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც ღმერთმა გამოუცხადა, განუხრელად შეასრულოს. ჯერ ერთი ეს საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება, მხოლოდ ლეგენდაა და ტყუილების ხატზე გამოსახვა არ შეიძლება და მეორეც, სტალინი სიკვდილამდე ღმერთის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და თუ მას ხატზე გამოსახავს ვინმე, უნდა გამოსახოს იმ მომენტში, როცა ის ანგრევდა ტაძრებს, ჰკლავდა უდანაშაულო ადამიანებს, ციმბირში სულს ხდიდა ხალხს და ა.შ. სხვაგვარდ ეს იქნება სიყალბე, რაც ტაძარს და ხატებს არ ეკადრება. ქვემოთ იხილეთ აღნიშნული ხატები”
