როგორც ყველა სოფელს ჰყავს ერთი გიჟი, ქართულ პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილის სახით ისე ჰყავს ერთი გიჟი, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მან თავიდან ბოლომდე აურია პოლიტიკის მიმართ თავისი, ერთი შეხედვით კონსტრუქციული, თანმიმდევრული მიდგომა და ეს კაცი აბსოლუტურად გავიდა რაციონალურობის ზონიდან“, – განაცხადა გვიდიანმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ახლა ქრისტიანულ, რელიგიურ ნიშას მიადგა და ცდილობს, ელექტორატის გარკვეულ ნაწილზე გავლენა მოახდინოს.
„თურმე, ეკლესიებს აშენებდა, ეკლესიებს ის არ ებრძოდა, გიგა ბოკერია ებრძოდა, ეს ანგელოზი იყო და ყველა დანარჩენი დემონები. საზოგადოება ამას არ იყიდის. იმიტომ, რომ ძალიან იაფფასიანი პოპულიზმია. ის მეორე მხრივ, რაღაც ლიბერტარიანულ იდეებს მიჰყვება. მაგალითად, მარიხუანის საკითხზე გააკეთა კომენტარი, შეცდომა იყო, ადამიანებს რომ მარიხუანის მოხმარების გამო ვიჭერდითო და მერე, როცა ამ საკითხის ლეგალიზაციაზე მიდგა საუბარი, ეს ავღანიზაციის პროცესად შეაფასა, ანუ, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ამბობს. იგივეა მის ეკონომიკურ ხედვებშიც. გვახსოვს, ის საუბრობდა 400-ლარიან პენსიებზე, სოციალური დახმარების და სახელმწიფოს როლის გაზრდაზე, მერე კი გამოვიდა და თქვა, რომ ერთ გადასახადს ტოვებს. ის აბსოლუტურად არეულია. შესაბამისად, მისი პოლიტიკა უკვე აღარ არის თანმიმდევრული და ეს ადამიანი აღარ არის საინტერესო“, – განაცხადა გვიდიანმა.
როგორც გვიდიანმა აღნიშნა, გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველოს“ სხვა ლიდერები გამოდიან და ცდილობენ, კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა დაიჭირონ, რადგან დაინახეს, რომ ეს ნიშა თავისუფალია, მაგრამ მათ ამ მცდელობას პერსპექტივა არ აქვს.
„მეორე მხრივ, ისინი მუდმივად ახსენებენ ხოლმე, ჩვენ ძალიან ბევრი ჩავარდნა გვქონდა, ცუდად ვიქცეოდით, არასწორ პოლიტიკას ვატარებდითო და ა.შ, მაგრამ ეს ხომ მარტივი შესაფასებელია?! „ვარდების რევოლუციის“ და ზოგადად, იმ ყბადაღებული, ავადსახსენებელი ცხრაწლიანი პერიოდის მთავარი მემკვიდრეები სწორედ „ევროპულ საქართველოში“ არიან თავმოყრილი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ერთი კაცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა, რადგან იქ არც ერთი ძველი ლიდერი აღარ დარჩა. არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ მათი გაყოფით, ან მათ შორის წითელი ხაზების კიდევ უფრო გასმით რამე შეიცვლება“, – განაცხადა გვიდიანმა.
ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალ არჩევნებზეც იმდენი ამომრჩეველი ეყოლებათ, რამდენიც აქამდე ჰყავდათ.
„თუ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ჩავთვლით, მათი რეიტინგი მზარდი არ არის და შესაბამისად, მგონია, უშედეგო გამოდგება მათი თამაში, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განსხვავება საზოგადოებამდე კარგად მიიტანონ“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.