“ჩემი შვილი”, “ჩემი შვილი”, – დიდხანს იმეორებდა ამ სიტყვებს დედა, რომელსაც გულში ჩახუტებული ჰყავდა ვაჟი. ნათია ჩარბოდაშვილს ვთხოვეთ მოეყოლა, თუ რატომ მოხდა მათ ოჯახში ამხელა ტრაგედია:
“მთელი 7 თვე, რაც ჩემმა შვილმა ციხეში გაატარა, უმძიმესი იყო ჩემთვის. არც მიძინია. ხშირად მოვდიოდი ბატონი ზურაბ როსტიაშვილის ოფისში, ვხედავდი მის თავდაუზოგავ შრომას და იმედს არ ვკარგავდი. როცა ნაფიცებმა უდანაშაულოდ ცნეს ჩემი შვილი, იმის მერე რა ხდებოდა, არაფერი მახსოვს. ჩემი შვილი თავს იცავდა. მანამდე ჯერ მე ვიცავდი თავს ჩემი ქმრისგან, ამიტომ წავედი იმ დღეს სახლიდან და მეზობელს შევაფარე თავი. დანით გამომეკიდა და მეშინოდა, ეს ამბავი ცუდად არ დამთავრებულიყო. ბოლოს მაინც ცუდად დამთავრა ყველაფერი. 22 წელი ვიცხოვრე ამ ადამიანთან და ვიცი, ეს თავდაცვა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა ასე. მამა ძალიან უყვარდა, ერთად ეძინათ, ერთად დადიოდნენ. მოძალადე იყო, როცა თვრებოდა, ფხიზელი კი სულ სხვანაირი ადამიანი გახლდათ. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვეღარ აანალიზებდა, რას აკეთებდა. როცა ბრაზდებოდა, პირველ რიგში დანებისკენ გარბოდა. დაგვდევდა დანით ან ცულით, ან წალდით, რაც ხელში მოხვდებოდა. ხშირად მეზობელთან გავქცეულვარ, იქაც მოვარდნილა, მეზობელსაც დამუქრებია. ძალიან ხშირად ჩემი შვილი გამოქცეულა ჩემთან ერთად და დავმალულვართ. ხშირად აწყნარებდა კახა მამამისს. მეტყოდა, მე დავამშვიდებო და ამას მართლა ახერხებდა, დააძინებდა და მერე ვბრუნდებოდი შინ. რომ გამოფხიზლდებოდა, ჩადენილს ნანობდა. პატიებას, ბოდიშს იხდიდა და ჩვენც ვპატიობდით. გვეცოდებოდა ოჯახის წევრი.”